ირინე გუჯაბიძე ლონდონში ჯანმრთელი და ბიოპროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის, “Appy Food & Drinks”-ის 5%-იანი წილის მფლობელია. წარმატებულ ქართველ ახალგაზრდას კომპანიის წილი 2 წლის წინ გადაეცა. ირინე გუჯაბიძე Appy Food & Drinks-ში საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტს კურირებს, ყველაფერი კი ლონდონში სწავლის პარალელურად, ამავე კომპანიაში სტაჟირების გავლით დაიწყო. ირინე გუჯაბიძე ”ბიზნესპრესნიუსს” თავისი წარმატებისა და გამოცდილების შესახებ ესაუბრა.
ირინე ფოთიდანაა, ლონდონში გამგზავრებამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად, პირველი კურსიდან, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კომპანიის, ”მაერსკის” ფოთის ფილიალში, საოპერაციო განყოფილებაში მუშაობდა და ასაკით ყველაზე პატარა თანამშრომელი იყო. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, ლონდონში სტუდენტური ვიზით გაემგზავრა. ირინე გუჯაბიძე ბრიტანეთში სანდერლენდის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვისა და მარკეტინგის განხრით სწავლობდა.
”სანდერლენდის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა ბრიტანეთში, სადაც კონკურსის გავლის გარეშე მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. გამოცდების ჩაბარება არ დამჭირდა, რადგან ბაკალავრის დიპლომი საქართველოდან უკვე მქონდა, რომელმაც მისაღები გამოცდებისგან გამათავისუფლა. მხოლოდ ინგლისური ენის გამოცდა ჩავაბარე, ასევე სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები წარვადგინე. ამ უნივერსიტეტმა არა მარტო ბიზნესის თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც მომცა, რადგან სტუდენტები სტაჟირებას საერთაშორისო კომპანიებში გავდიოდით, როგორებიცაა “Toyota”, ”Burberry”, ”Procter & Gamble” და მრავალი სხვა.” - გვიყვება ირინე.
ირინე გუჯაბიძე უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტი იყო, ის ასევე გამოსაშვებ საღამოზე საუკეთესო სტუდენტად დაასახელეს.
”პრეზიდენტად ორგანზებული არჩევნების გზით ამირჩიეს, რომელსაც უნივერსიტეტი აწყობს. ყოველი ფაკულტეტი რამდენიმე სასურველ კანდიდატს წარადგენს. მე იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან სტუდენტებმა ჩამთვალეს პრეზიდენტობის ღირსად. რაც შეეხება საუკეთესო სტუდენტად დასახელებას, დიპლომის გადაცემის ცერემონიამდე, პირველი კურსიდან დაწყებული ყველა საგნის ქულა ჯამდება. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი ჯამური ქულები მქონდა. ასევე დადებითი შედეგი იქონია პრაქტიკულმა პროექტებმა და აქტივობებმა, რომლებსაც სტუდენტობის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.” - ამბობს ირინე გუჯაბიძე.
ბრიტანეთში სწავლის პარალელურად ირინემ მუშაობა ჯანმრთელი და ბიო საკვები პროდუქციის მწარმოებელ ბრიტანულ კომპანიაში “Appy Food & Drinks” დაიწყო. წარმატებული კარიერის ფონზე კი 2 წლის წინ მას კომპანიის 5%-იანი წილი გადასცეს. ირინე გუჯაბიძე, როგორც ”Appy Food & Drinks”-ის წარმომადგენელი ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა ”The Walt Disney Company”, ”Nickelodeon”, ”Entertainment One”, ”Universal Pictures” და ”Magic Light”:
”Appy Food & Drinks-ში სტაჟიორად ზაფხულის არდადეგებზე მივედი. ათ სტაჟიორს შორის ერთადერთი ემიგრანტი ვიყავი. 3 თვის მუშაობის შემდეგ 10 სტაჟიორიდან, ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ მხოლოდ ერთი უნდა დარჩენილიყო. ემიგრანტი სტუდენტისთვის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო. არც მიფიქრია რომ დამტოვებდნენ, მივედი იმ იმედით, რომ სამუშაო გამოცდილება მიმეღო. ბრიტანელ სტუდენტებთან შედარებით, ქართველ ემიგრანტს მაინც ნაკლები შანსი მქონდა. მოხდა ისე, რომ სტაჟიორებიდან მხოლოდ მე დამტოვეს და 3 თვის ნაცვლად შემოთავაზება მხოლოდ ერთი თვის გასვლის შემდეგ მივიღე. ვმუშაობდი ბრენდ მენეჯერად, მოგვიანებით დამაწინაურეს უფროს ბრენდ მენეჯერად, რის შემდეგაც მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად გადამიყვანეს. ბოლო 2 წელია საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტს ვკურირებ. ვხელმძღვანელობ მარკეტინგის, კომუნიკაციების, კრეატივისა და დიზაინის, CSR და სოციალური მედიის განყოფილებებს. 2 წლის წინ კომპანიის 5%-იანი წილი გადმომცეს, ნებისმიერი თანამშრომლისთვის კომპანიის წილის გადაცემა ძალიან იშვიათობაა და თავიდან ვერ დავიჯერე, სანამ ხელმოწერილი დოკუმენტი არ ვნახე.” - გვიყვება Appy Food & Drinks-ის საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
წარმატებული კარიერის პარალელურად ირინე გუჯაბიძეს ”Brunel University of London”-მა, სადაც ის მარკეტინგის განხრით სამაგისტრო პროგრამას გადის, სექტემბრიდან ლექციებს წაკითხვა შესთავაზა.
”არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე ლექციები წამეკითხა. თუმცა წელს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, მაგისტრის ხარისხის სტუდენტებს შორის, არჩევის გზით, ბაკალავრის ხარისხის მარკეტინგის სტუდენტებისათვის ლექტორობა შეეთავაზებინათ. ერთ-ერთი ასეთი სტუდენტი აღმოვჩნდი მეც.” - ამბობს ირინე გუჯაბიძე.
წარმატებულმა ახალგაზრდამ ლონდონში, მეგობართან ერთად მარკეტინგული საკონსულტაციო სააგენტოც დააარსა, რომლის მისიაც მარკეტინგის, კომუკიციების, საერთაშორისო გაყიდვების და პროდუქციის წარმოების საკითხებში, სხვადასხვა კომპანიებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების წარდგენა და კონსულტაციების გაწევაა.
”ორმაგად, ოთხმაგად მეტის გაკეთევა გიწევს, რომ წინ წაიწიო. კონკურენცია და დაძაბულობა იმდენად დიდია, რომ მთლიანად საქმეზე ხარ ფოკუსირებული და სხვა რამისთვის დროც არ გრჩება. ძალიან ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, რომ პროფესიონალურად და მორალურადაც გაიზარდო. თუ გაქვს მონდომება და არ დაიზარებ, თავის დამკვიდრებას მოახერხებ. გამართლებასაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს წარმატებაში და იმ ადამიანებს, ვინც გარშემო გყავს“,- ამბობს ირინე გუჯაბიძე.
როგორც “Appy Food & Drinks”-ის საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის შექმნასა და სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავს, რომელთა რიცხვში საქართველოში მოღვაწეობაც შედის.
თათია ახვლედიანი