გერმანიის, ბელგიისა და ნიდერლანდების სასურსათო მაღაზიებიდან მილიონობით კვერცხის გაყიდვიდან ამოღების პროცესი მიმდინარეობს, ამის მიზეზი კი კვერცხში აღმოჩენილი ტოქსიკური ნივთიერება გახდა, რომელიც დაუშვებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ნიდერლანდებში დროებით დაიხურა დაახლოებით 180 სამეურნეო ფერმა. ხოლო, გერმანიისთვის განკუთვნილი მილიონამდე კვერცხის უკან მობრუნება მოხდა გერმანიის საზღვრიდან.
ჩატარებული ანალიზების შედეგად გამოვლინდა, რომ ფრინველის სისხლსა და კვერცხში შეინიშნებოდა ნივთიერება ფიპრონილის მაღალი შემცველობა. ეს არის საერთო კომპონენტი პრეპარატისა, რომელსაც იყენებენ ცხოველების პარაზიტებისგან დასაცავად. როგორც გამოცემა აღნიშნავს ამ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია ცხოველებზე, რომლის ხორცითაც იკვებებიან ადამიანები. მისი დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლისა და თირკმელების დაზინება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოცემა წერს, რომ ბელგიის პროკურატურა სწავლობს იმ ორი კომპანიის კლიენტების სიას, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ამ პრეპარატის წარმოებაში. არსებობს ეჭვი, რომ ლეგალურ ინტექსიციდებში მოხდა არალეგალური ნივთიერებების დამატება, რათა გაზრდილიყო პრეპარატის მოქმედების ეფექტი. ერთ-ერთი ჰოლანდიური გამოცემა ვარაუდობს, რომ ამ ორიდან ერთ-ერთ კომპანიას შესაძლოა ჰყოლოდა კლიენტები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან, თუმცა ჯერ არ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მოწამლული კვერცხები ამ ქვეყნებში იყიდებოდეს.
კოკა კვირკველია