მერის მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი არ მივიდნენ საკრებულოში, ვინაიდან იქ იქნებოდა მორიგი პოლიტიკური შოუ და არ გვინდა მათი პოლიტიკური შოუს ნაწილი ვიყოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მორიგი ტყუილი შეთხზა, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და არ მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დაბარებულზე მერის მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საკრებულოში. ვინაიდან, იქ იქნებოდა მორიგი პოლიტიკური შოუ, არ გვინდა ვიყოთ მათი პოლიტიკური შოუს მონაწილეები. ჩვენ, 600 თანამშრომელი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებამ დაგვავალდებულა მოგვეხსნა შტატიდან და გადაგვეყვანა შტატგარეშე მოსამსახურეებად, აბსოლუტურად კანონის დაცვით გადავნიშნეთ ისე, რომ არც დასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილა, არც შრომის ანაზღაურების მოცულობა. ამიტომ ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ უნდა მისულიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე ჩემი მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი საკრებულოში", - განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე გუშინ თბილისის მერიის წარმომადგენლები არ გამოცხადნენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის წევრებს საკრებულოში მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ჰყავდათ დაბარებული.