ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას სიღნაღში მიწა და შენობები ერთ ლარად გადაეცა

მთავრობამ ქალაქ სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე 35 000 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად „სომგოს კომპანიას“ გადასცა.

კომპანიამ, რომლის 90%-იანი წილი ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ ორ საწარმოს, ”სონატა ალიანსს” (სეიშელის კუნძულები) და ”გოსია ფაინენსინგს” (პანამა) ეკუთვნის, 3 წლის ვადაში ტურისტულ-დასასვენებელი/საწარმოო კომპლექსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას.

კერძოდ, საპრივატიზებო მოთხოვნების მიხედვით, ”სომგოს კომპანიამ” ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმო უნდა გამართოს, არანაკლებ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სადემონსტრაციო ვენახი გააშენოს და არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმრო (200 ადამიანზე გათვლილი რესტორნით) ააშენოს.

სავალდებულო ინვესტიციის ოდენობა კი 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ამასთანავე, ინვესტორმა კომპლექსში, სულ მცირე, ერთი წლის ვადით არანაკლებ 30 ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა დაასაქმოს.