ლიკანში RIXOS-ის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადადის

ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულებისთვის დაფინანსება უკვე გამოყოფილია.

ხელშეკრულებას საპარტნიორო ფონდმა და ყაზახურმა კომპანია “ყაზმუნაიგაზ-სერვისმა“ ხელი დღეს მოაწერეს.

სასტუმრო კომპლექსის გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება და ის ტურისტებს დასვენებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შესთავაზებს. გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი კოვზანაძეს მიაჩნია, რომ სასტუმრო კოპლექსი ”დამატებით შარმს შესძენს ბორჯომის რეგიონს.”

152 ნომრიანი RIXOS-ის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში ყოფილი IV სამმართველოს ტერიტორიაზე განთავსდება. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 38,5 მლნ. აშშ დოლარია, საიდანაც საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალის 50%-ია.

სასტუმროს ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ოპერატორი RIXOS განახორციელებს. 2000 წელს თურქეთში დაფუძნებული სასტუმროების ქსელი RIXOS-ი დღეისათვის უკვე 20-ზე მეტ სასტუმროს მართავს, როგორც თურქეთში, ასევე ყაზახეთში, ხორვატიაში, ეგვიპტეში, შვეიცარიაში, აზერბაიჯანსა და დუბაიში.