ოქტომბრიდან სკოლებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება დაიწყება

2017 წლის ოქტომბრიდან, სკოლებში ახალი პროექტის - შრომითი უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება დაიწყება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა Ambebi.ge-ს განუცხადა, აღნიშნულ პროექტს პროფესიული კოლეჯები სკოლებთან თანამშრომლობით, სკოლის ბაზაზე განახორციელებენ.

”ეს გახლავთ სხვადასხვა სახელობო მიმართულებების მიხედვით თემატური მოდულების სწავლება, კონკრეტულ სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, ანუ თანამედროვე შრომის გაკვეთილები. სკოლებში მოეწყობა მინიმალური ბაზა, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროფესიის საბაზისო უნარების შესაძენად პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარდებათ. აქამდე სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს ასეთი ერთობლივი პროექტი არ ჰქონიათ”, - განაცხადა ლია გიგაურმა.

სიახლეებზე საუბრის კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური გახდება სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიების პროგრამა, რომელიც კვლავ დაფინანსდება.

”ფართოვდება იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ჩატარდეს სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიები. მუზეუმებს დაემატება გეოგრაფიულად საინტერესო ადგილები, ისტორიული ადგილები, ეროვნული პარკები, ნაკრძალები და სხვა”, - განაცხადა ლია გიგაურმა.