”ინტერნტრანსი” და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლები ბიზნეს-პარტნიორულ ურთიერთობაზე შეთანხმდნენ

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსის გამო დაპირისპირებულმა მხარეებმა კომპრომისებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ამის შესახებ მძღოლების ადვოკატმა, რევაზ რიჟამაძემ დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კერძოდ, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, ხაზების მეპატრონეები და მათი ადვოკატები კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, ,,ინტერტრანსის" წარმომადგენლებს, ქვემო ქართლის გუბერნატორს, გიორგი მღებრიშვილსა და რუსთავის მერს, დავით ჯიქიას შეხვდნენ.

,,შეხვედრა დაძაბული და ხმაურიანი იყო, თუმცა მაქსიმალურად შევეცადეთ ორივე მხარე, რომ რაღაც კონსტრუქციული ელემენტები გვეპოვა. ორდღიანი ვადა გვაქვს, რომ ინტენსიურად შევხვდეთ ერთმანეთს და იქნებ რაიმე სერიოზული გამოსავალი ვიპოვოთ. შევთანხმდით, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დამყარდება, როგორც ბიზნეს-პარტნიორებს შორის და არა, როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის," - აღნიშნა რიჟამაძემ.

"ინტერტრანსის" დირექტორის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, მათ დეტალურად ჩაინიშნეს მძღოლების მოთხოვნები, რომლებსაც ექსპერტთა ჯგუფთან ერთად დაამუშავებენ.

რუსთაველი მძღოლები უკვე მეორე თვეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას და მინიმუმ 2 წლით გადავადებას ითხოვენ.