დეპუტატ ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქციები გაგრძელდება

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ ნინო წილოსანის ინიციატივით, „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმთა მობილურმა ჯგუფმა 1-5 აგვისტოს გურიის სოფლებში მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციები და პირველადი კვლევები ადგილზე ჩაუტარა.

მობილური ჯგუფები 8 სოფელს ესტუმრა: ბაილეთი, აკეთი, მამათი, აცანა, ხიდისთავი, ჩოჩხათი, გოგოლესუბანი, ჯვარცხმა, თუმცა აქციით სარგებლობა სხვა სოფლის მოსახლეობასაც შეეძლო, რომლებმაც ასევე ჩაიტარეს უფასო სამედიცინო კვლევები.

მოსახლეობამ გაიარა ონკოლოგის, მამოლოგის, გინეკოლოგის, ონკო-უროლოგის, ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციები; ჩაიტარა ამ მიმართულებებით კვლევები და ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ნინო წილოსანის ინფორმაციით, გურიაში უფასო სამედიცინო აქციები გაგრძელდება.

„პათოლოგიების დროულად გამოსავლენად და მკურნალობის დროულად დასაწყებად, მოსახლეობას Chek up ბაზისური კვლევები ჩაუტარდა, რაც, ექიმების თქმით, 35 წლის ასაკიდან ნებისმიერმა ადამიანმა პერიოდულად უნდა გაიაროს, არაუმეტეს ორწლიანი ინტერვალით. მადლობას ვუხდი „საჩხერის სამედიცინო ცენტრს“ უანგარო დახმარებისთვის. ამ 5 დღის განმავლობაში მათ უდიდესი შრომა გაწიეს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და მსგავსი აქციები კვლავ გაიმართება,“ - აღნიშნა აქციის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარის ნინო წილოსანის ბიუროს ინიციატივით და ხელშეწყობით და „საჩხერის სამედიცინო ცენტრთან“ თანამშრომლობით, გურიის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია უკვე მესამედ ჩატარდა.

bpn bpn

(R)