აჭარის მთავრობა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის ორ მეომარს 3000 - 3000 ლარს გადასცემს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის მეომრებს - მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს მოინახულებენ და, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 3000 - 3000 ლარს გადასცემენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში განმარტავენ რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე შშმ სტატუსის მეომრებს 8 აგვისტოს მოინახულებენ. მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს აჭარის მთავრობამ, 2015 წელს, საკუთრებაში საცხოვრებელი ბინებიც გადასცა.

როგორც აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარის მთავრობა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე შშმ მეომრებს ფულად დახმარებას წელს პირველად უწევს. ვეტერანთა საბჭოსა და მეომართა მომართვის საფუძველზე უწყებამ პროგრამაში ცვლილება განახორციელა და ამიერიდან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან ერთად ფულად დახმარებას ომის მონაწილე სამი შშ სტატუსის მქონე ვეტერანიც მიიღებს.

2017 წელს, „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ბიუჯეტი 92 000 ლარს შედგენს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, 8 აგვისტოს, 3000-3000 ლარს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული 20 მეომრის ოჯახი მიიღებს. დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით 1000-1000 ლარი დაღუპული მეომრების 23 დედასა და მეუღლეს გადაეცა.