მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

სოფელ დამიაგეურარხში, მარნეულში გახსნილი ახალი სასათბურე მეურნეობა წელიწადში 300-400 ტონა ბოსტნეულის წარმოებას გეგმავს.

მეურნეობა დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, რამინ ისმაილოვმა დაათვალიერეს.

სასათბურე მეურნეობა ინდ.მეწარმე აბას მუსაევმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მოაწყო.

,,მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიქმნას თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობები, რომელიც ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი სასოფლო - სამეურნეო პროდუქციით ჩანაცვლებას",- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის მოსაწყობად მუსაევმა 240 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო. კრედიტის 13 %-იანი საპროცენტო განაკვეთიდან 12% -ს "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" დააფინანსებს. შესაბასამისად, მეწარმე მხოლოდ წლიურ 1%-ს გადაიხდის.

ახალი სასათბურე მეურნეობა 1.7 ჰა მიწის ფართობზეა აშენებული. სათბურში 50 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.