მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით შემცირდა.
ამ დღეებში ნავთობის ფასზე გავლენა ორმა მთავარმა მოვლენამ იქონია. მოპოვება განახლდა ლიბიის შარარას საბადოებზე, რამაც ფასის კლება გამოიწვია, თუმცა საუდის არაბეთის მიერ თავისი კლიენტებისთვის მიწოდების შეკვეცის კვალობაზე შავი ოქროს ფასი დასტაბილურდა.
ვაჭრობის დაწყებისას "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.34 პროცენტით, 52.19 დლარამდე შემცირდა, თუმცა შემდეგ 52.42 დოლარამდე მოიმატა. ანალოგიურად, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე ჯერ 49.24 დოლარამდე შემცირდა, შემდეგ კი 49.49 დოლარამდე გაიზარდა.
ფასის კლებას განაპირობებს შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვების სტაბილური ზრდაც. თუმცა საუდის არაბეთის მიერ მიწოდების შეკვეცამ და OPEC-ის შეხვედრის მოლოდინმა, ფასის დასტაბილურება განაპირობა. კერძოდ, საუდეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკომ“ გამოაცხადა, რომ სექტემბერში დღეში სულ ცოტა, 520 000 ბარელით შეამცირებს მიწოდებას. ამის მიზანი ისაა, რომ დაცული იყოს OPEC-ის წევრი და არაწევრი ქვეყნების პაქტი, რომელიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეზღუდვას და ამგვარად, ჭარბი მიწოდების დაბალანსებას ითვალისწინებს.
ნავთობის ფასის ზრდის მთავარი შემკავებელი ფაქტორი აშშ-ში მომუშავე ჭაბურღილების რიცხვის სტაბილური ზრდაა. ბოლო დროს, ამას ლიბიასა და ნიგერიაში მოპოვების ზრდაც დაერთო, რაც OPEC-ის ყველა მცდელობას აბათილებს. მარტო ლიბიის შარარას საბადო დღეში 270 000 ბარელს მოიპოვებს. მისი მუშაობა რამდენიმე დღით შეწყდა მას შემდეგ, რაც საბადოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
ცნობისათვის, ლიბია OPEC-ის წევრი ქვეყანა კი არის, მაგრამ ნავთობის მიწოდების შეზღუდვის პაქტში არ მონაწილეობს, რადგან ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო, მისმა ეკონომიკამ ძლიერ იზარალა. ამის გამოსწორებას კი ქვეყანა ნავთობით ცდილობს. ივლისში ლიბია დღეში 1.03 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რითაც OPEC-ის მიზნებს ძლიერ აზარალებდა - სწორედ ივლისში, ამ ორგანიზაციის მიერ გლობალურ ბაზარზე მიწოდებული ნავთობის მოცულობა რეკორდულ მაჩვენებლებამდე გაიზარდა.
დღეს OPEC-ის წევრი და არაწევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები აბუ დაბიში შეხვედრას მართავენ, რომელზეც გლობალურ ბაზარზე მიწოდბის შეზღუდვის მოცულობის გაზრდა განიხილება. ამჟამად მოქმედი პაქტით, დღიური მიწოდება 1.8 მილიონ ბარელით არის შეკვეცილი.