შემოსავლების სამსახური შეცდომით გადარიცხული თანხის უკან მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია "მთავრობის მიერ შეცდომით გადარიცხული თანხის ფიზიკური პირებისგან უკან მოთხოვნის" შესახებ, სიცრუეა.

"დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში მიღებული თანხა დამქირავებელთან ან ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან არ ბრუნდება. დაუბეგრავი მინიმუმის მიმღებ პირს არ აქვს ვალდებულება, თანხა დაუბრუნოს დამქირავებელს ან დააბრუნოს ბიუჯეტში,” - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის საფუძველს. კერძოდ, ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს ორი:

1. პირის მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია, რომლის შევსება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით, ან ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში;

2. დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2013 წლის სახელფასო განაცემების შესახებ.

ამასთან, კანონის შესაბამისად, დამქირავებელს შეუძლია დააზუსტოს განაცემების შესახებ ინფორმაცია. დაზუსტების შემდეგ პირი, რომელიც დეკლარირების სისტემის მიხედვით არ სარგებლობდა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების უფლებით, შესაძლოა, აღნიშნული უფლებით მოსარგებლეთა სიაში აღმოჩნდეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 8 აპრილის მონაცემებით დეკლარაცია შეავსო 325-მა ათასმა მოქალაქემ. მათგან მესამედს მითითებულ საბანკო ანგარიშებზე უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა.

”ეტაპობრივად, თანხა ყველა ადრესატს დაუბრუნდება", - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.