2017 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოს მთიანეთისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა: ხალხმრავლობაა სვანეთში, უამრავი სტუმარი ჰყავს სხვა მთის კურორტებს, მათ შორის, ყაზბეგსა და გუდაურს.
პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, რუსეთი, არაბული ქვეყნები, ისრაელი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც ხალხი ამ კურორტებზე ჩამოდის. ადგილობრივი სასტუმროების მფლობელებმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონით კმაყოფილები არიან.
სასტუმრო „თადის“ მფლობელ როზა ტყემალაძის შეფასებით, პრობლემები აქვთ, მაგრამ სტუმრების ნაკლებობას არ უჩივიან.
"ჩვენი სასტუმრო გერგეტის სამებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ბოლო ორი თვეა ყაზბეგის სასტუმროები სულ დაკავებულია და გამონაკლისი ამ მხრივ არც ჩვენ ვართ. როგორც ყველა სასტუმროს, ჩვენც ძალიან გვშველის წინასწარი დაჯავშნის სისტემა. მართალია, ყაზბეგში უცხოელები უფრო ბლომად არიან, მაგრამ ქართველებიც ჩამოდიან თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. ზოგიერთი დამსვენებელი მთებში კარვით მოდის და ღამეს ბუნებაში ათევს", - აღნიშნავს როზა ტყემალაძე.
სასტუმროს მფლობელის თქმით, უცხოელები მათ სასტუმროში ბინავდებიან და მერე საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად მიდიან.
"აუცილებლად ნახულობენ გერგეტის სამებას, რომელიც ჩვენთან ახლოსაა. ძალიან მოსწონთ ჯუთა - ძალიან ლამაზი ადგილი, რომლის სილამაზეც ყველა უცხოელს ხიბლავს. ასევე მოსწონთ გველეთი, სადაც ულამაზესი ჩანჩქერები და ტბებია. უყვართ თრუსოს ხეობის მონახულებაც", - ამბობს როზა ტყემალაძე.
სასტუმრო „ველქამის“ მმართველმა სალომე უძილაურმა კი გვითხრა, რომ წლევანდელმა სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა.
"ჩვენი სასტუმრო სულ რაღაც ერთი თვის გახსნილია, ამ ბაზარზე ახლები ვართ, მაგრამ ნამდვილად ვერ დავიწუწუნებთ. საკმაოდ ბევრი ტურისტი გვყავდა და გვყავს. ზოგიერთ სტუმარს 1-2 ღამე მანქანაშიც კი ეძინა, რადგან ყაზბეგის ვერც ერთ სასტუმროში ადგილი ვერ იპოვა. ჩვენს სტუმრებს შორის ძალიან დიდი რაოდენობით არიან რუსები: ვლადიკავკაზიდან რომ მოდიან, საზღვარზე ძალიან დიდ რიგში უწევთ ყოფნა, იღლებიან და ცდილობენ სადმე ღამე გაათიონ და დაისვენონ. მერე კი, ზოგი ბორჯომში მიდის, ზოგი - ზღვაზე, ზოგი კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ქართველები ყაზბეგში უფრო შაბათ-კვირას ამოდიან", - ამბობს სალომე უძილაური.
მისი თქმით, ყაზბეგში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც ტურისტული ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
"სახელმწიფოსგან უფრო მეტი ხელშეწყობა გვჭირდება, რადგან ჩვენთან გზები საშინელ მდგომარეობაშია. ბევრ ადგილას გზა გადათხრილი და მოუწესრიგებელია. არც გერგეტის სამებამდეა კარგი მდგომარეობა. ძალიან გვაწუხებს წყლის საკითხიც: შეიძლება დღის განმავლობაში წყალი ხუთჯერ შეწყდეს, რის გამოც სასტუმროებს მუშაობაში ხელი ეშლებათ. მართალია, წყლის მარაგი გვაქვს, მაგრამ წყლის შეწყვეტა ზაფხულში, თანაც კურორტზე, სადაც უამრავი სტუმარია ჩამოსული, სასურველი ნამდვილად არ არის. ინტერნეტიც არ გვაქვს ხარისხიანი, არ არსებობს აფთიაქი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, ყაზბეგში არც „პე ეს პე“ მუშაობს, არც „ავერსი“ და სხვა მსხვილი სააფთიაქო ქსელი, მხოლოდ „სახალხო აფთიაქია“, რომელიც საღამოს 9 საათზე იკეტება. იგივე უნდა ვთქვა მაღაზიებსა და კომერციულ ბანკებზე: მარტო „ლიბერთი ბანკი“ მუშაობს, „თიბისი ბანკის“ ბანკომატამდე რომ მიხვიდე, სერიოზული მანძილის გავლა გიწევს. მოკლედ, ძალიან ბევრი დეტალია, რაც უნდა გამოსწორდეს, რადგან ეს დეტალები უცხოელებისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს სალომე უძილაური.
უცხოელი სტუმრების ნაკლებობას არც გუდაური განიცდის. სასტუმრო „ალპინას“ მენეჯერის ანი საათაშვილის თქმით, წელს გუდაურს უფრო მეტი ტურისტი ეწვია, ვიდრე შარშან.
"დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურისტული სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, დეკემბრიდან კი, უკვე ზამთრის სეზონი დაიწყება და მთელი წელი დაკავებული ვიქნებით. რაც შეეხება ხელისშემშლელ ფაქტორებს, საბედნიეროდ, გუდაურში წყლის პრობლემა არ არის, თანაც, რეზერვუარები გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში ამ წყალს ვიყენებთ, მაგრამ ჩვენს მხარეში გამართული გზები რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა. თვითონ გუდაურში გზები მეტნაკლებად მოწესრიგებულია, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიებს ვგულისხმობ, სადაც ტურისტები ხშირად მიდიან. მოსაგვარებელი ნაგვის პრობლემაც: მლეთადან რომ მოდიხართ, გზაზე ულამაზესი ჩანჩქერებია, ამ ადგილის სანახავად ძალიან ბევრი ტურისტი მიდის. იქ ყოველთვის ყრია ნაგავი და ნარჩენები. თუ ეს პრობლემა გამოსწორდება და ნაგავს დროულად გაიტანენ, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კარგი იქნება და გუდაურის სტუმრებისთვისაც. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობაც უნდა მიეჩვიოს, რომ ნაგავი ყველგან არ დაყაროს, სხვაგვარად, ტურისტული სექტორის განვითარებაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ტურისტი წელს რომ ჩამოვა საქართველოში, მომავალ წელსაც გული ჩვენკენ უნდა მოუწევდეს - სხვაგვარად არაფერი გამოვა“, - აცხადებს ანი საათაშვილი.
ხათუნა ჩიგოგიძე