სამეგრელოში თხილის ფასი და ხარისხი ისევ აქტუალური თემაა.
თხილის მეწარმეების თქმით, თხილის ფასის განსაზღვრა ხარისხის მიხედვით ხდება და ამ დროისთვის ასეთი სურათია: 10-დან 9 საღი გულის მქონე თხილი 1 კგ 3. 40 ლარი ღირს; 10-დან - 8 საღი გულის მქონე - 3 ლარი; 10-დან 4 საღი გულის მქონე - 1.40-1.70 ლარი, 10-დან 2 საღი გულის მქონე კი 1.00 ლარი.
როგორც ჩამბარებლები ამბობენ, ზუგდიდის სოფლებში თხილის ხარისხი წელს შარშანდელზე უარესია და უმეტესად 1-1.40 ლარიანი თხილი შემოდის.
თხილის მეწარმეების თქმით, ასეთი დაბალი ხარიხისხის პროდუქტის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, მცენარის მოვლის კულტურის არქონა, რაც გლეხს აზარალებს და იძულებული ხდება, მოუვლელი და მწერებისგან დაზიანებული თხილი, 1 კგ 50 თეთრად გაყიდოს.
"თხილი 5-ჯერ მაინც უნდა შეიწამლოს და ყოველ შეწამვლაზე, 1 ჰა პლანტაციაზე, 300 ლიტრი განზავებული ხსნარი უნდა მოიხმარონ, რათა ტკიპა, ნაცარა, ფაროსანა და სოკოვანი დაავადებები გაანეიტრალონ. თუმცა, ხალხი მაინც ერთმანეთს უყურებს, მე რომ შევწამლო, მეზობლისგან გავრცელდებაო. არადა, არ არის ასე, მას ბევრად უკეთესი შემოსავალი ექნება, ვიდრე მოუვლელი თხილის პატრონს. ვეუბნებით ამას ყველას, მაგრამ ძალიან დიდი ხარჯია და არ გვიღირსო, გვპასუხობენ. თუ ეს არ გაიგეს, მომდევნო წლებში, ასეთი და ამაზე უარესი მდგომარეობა იქნება", - ამბობს ჩვენთან საუბარში თხილის მეწარმე ნანა საჯაია.
მეწარმეთა განმარტებით, აზიური ფაროსანას შეწამვლის მერე ჩამოცვენილი თხილი, არ ვარგა. შეწამვლის მერე რაც შერჩება მცენარეს, იმას არაუშავს, ამიტომ ხალხი კრეფს და ისე მოაქვს. "დაკრეფილი თხილი უფრო ხარისხიანია და ვცდილობთ, იმავე საღამოს ან მაქსიმუმ მეორე დილას ჩავაბაროთ, რომ არ ჩახურდეს და ხარისხი არ დავარდეს. წალენჯიხისა და დაბა ჯვარის თხილი ბევრად ხარისხიანია. წუნი თითქმის არ აქვს. საერთოდ, წელს თხილი შარშანდელზე უარესია", - ამბობენ თხილის მეწარმეები.
მათი თქმით, რაც დრო გადის, უარესი პროდუქტი მოდის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოტანილ თხილი ძალიან უხარისხოა, ყველაზე მაღალი ფასი 2 ლარია.
"დამტვრევა და გულის შემოწმება არც უნდა. ერთი შეხედვით ჩანს, რაც არის - შავი, ლაქებიანი ნაჭუჭი აქვს. ზოგიერთს გადაყრამ რომ არ მოუწიოს, 1, 50 ლარად წაიღეთო, გვეხვეწება, მაგრამ ხანდახან ისეთი უვარგისია, 1 ლარადაც ვერ ვყიდულობთ. ზოგი კი, პირდაპირ გვეუბნება - უკან ნუ გამატანთ, ისე დავტოვებო", - ამბობს თხილის მეწარმე ხათუნა ცანავა და დასძენს, რომ თხილის მცენარის მოუვლელობის შემთხვევაში, მომავალ წელს შესაძლოა, ყველაზე მაღალი ფასი 2 ლარი იყოს.
ლალი პაპასკირი