ზურაბ ჭიაბერაშვილი: მთავრობა არაფერს აკეთებს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის და დასაქმებისათვის

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ”ბიძინა ივანიშვილის "100 ქარხნის" ტყუილს კიდევ ერთი ტყუილი - "დასაქმების პროგრამა" დაემატა”.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი სამთავრობო დასაქმების პროგრამას აკრიტიკებს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ანალოგიურ პროგრამაში მეტი სამუშაოს მაძიებელი აღირიცხა.

"შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, "შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში" პროგრამის ამოქმედების დღიდან მხოლოდ 3 984 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა. შედარებისათვის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღავნელობით შექმნილ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამაში დასაქმების აგენტებმა ორი თვის განმავლობაში - 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში - 593,174 სამუშაოს მაძიებელი აღრიცხეს," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, 199-ე დადგენილება, რომელსაც ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მოაწერა ხელი და რომლის მიხედვითაც, 2013 წლის აგვისტოდან დროებით უნდა დასაქმებულიყო 10-12 ათასი რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი, ”ფარატინა ფურცელია”.

ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დადგენილებას "საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" ხელი 2013 წლის 2 აგვისტოს მოაწერა.