გიორგი კვირიკაშვილი: არ მგონია განვითარების ბანკი  პრობლემა გახდეს საბანკო სისტემის განვითარებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "საქართველოს განვითარების ბანკი", რომლის ჩამოყალიბებაც იგეგმება, კომერციული ბანკების კონკურენტი არ უნდა გახდეს.

მინისტრის თქმით, მსგავსი ინსტიტუტი ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს და საქართველოში საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება.

"ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მანდატი, რომელიც ამ ინსტიტუტს ექნება, იყოს აბსოლუტურად განსხვავებული კომერციული საბანკო ინსტიტუტისგან. რაც შეეხება საკითხს, რატომ გაჩნდა მისი ჩამოყალიბების ინიციატივა, ამ ტიპის ინსტიტუტი არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, არის ბევრი წარმატებული მაგალითი. უმნიშვნელოვანესია, რომ სწორად გაივლოს ხაზი საბაზრო და არასაბაზრო პროდუქტებს შორის, არ გადაიკვეთოს ეს ხაზი არსებულ საბანკო სისტემასთან. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ახლად ჩამოყალიბებულ საბანკო დაწესებულებას დავით საგანელიძემ უხელმძღვანელოს, კვირიკაშვილმა განაცხადა - "არის ამაზე საუბარი, წინასწარ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი".

საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გასულ თვეში ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.