"ტესლამ" სამოყვარული რეკლამის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა (+ვიდეო)

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ „ტესლა“ სამოყვარული რეკლამის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა, კონკურსში პირველი ადგილი ტექნოლოგიური ამბების მიმომხილველს მარკეს ბრაუნლის ერგო. მის მიერ გადაღებულმა რეკლამამ, სახელწოდებით “Tesla Project Loveday Contest Entry”, ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. სარეკლამო რგოლში ავტორმა ხაზი გაუსვა „ტესლას“ ტევადობას.

კონკურსში მეორე ადგილი ერგო ვიდეოს, სახელწოდებით “Spaceships. For Earth”, რომელიც მოგვითხრობს ასტრონავტის კოსტიუმში გამოწყობილ ადამიანზე, ვინც ყოველდღიური საქმიანობითაა დაკავებული.

მესამე ადგილის მფლობელი კი სონია იასანსკის გადაღებული სარეკლამო რგოლი გახდა, სადაც ავტორმა 1,5 წუთში სრულად მიმოიხილა Tesla Model 3.

გამარჯვებულები 10 ფინალისტიდან „ტვიტერზე“ „ტესლას“ ოფიციალურ ექაუნთზე მიცემული ხმების შემდეგ გამოვლიდნენ.

„ტესლას“ სამოყვარული რეკლამის კონკურსის ჩატარების იდეა ილონ მასკს 10 წლის ბრაია ლავდეიმ მიაწოდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ წერილი გაუგზავნა „ტესლას“ დამფუძნებელს. გოგონა წერილში წერდა, რომ ძალიან უყვარს „ტესლას“ მანქანები და მისი აზრით, „ტესლას“ ელექტრომობილები აუცილებელია გარემოს სუფთად შენარჩუნებისთვის. 10 წლის გოგონამ ილონ მასკს ასევე შესთავაზა, რომ პიარ კამპანიისთვის კარგი იქნება, თუ „ტესლა“ სამოყვარულო რეკლამის კონკურსს გამოაცხადებს.

„კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევარი ეკომანქანების რეკლამა გახდება, მისი ავტორი კი ვთქვათ, საკუთარი ავტომობილის ერთწლიანი უფასო დატენვით დასაჩუქრდება“, -წერდა გოგონა წერილში.

ბრაია ლავდეის წერილს ილონ მასკი „ტვიტერის“ მეშვეობით რამდენიმე საათში გამოეხმაურა.

„შესანიშნავი იდეაა და ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ მას“, - უპასუხა მასკმა 10 წლის გოგონას.