ადვოკატი - ინგლისის სასამართლომ ანგარიშები სამ კომპანიას გაუყინა, რომლებიც გელა მიქაძეს არ ეკუთვნის

Petyers & Peters Solicitors LLP-ში საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადვოკატი კეიტ ოლივერი ”პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, გელა მიქაძის სახელით განცხადებას ავრცელებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ”რაკიას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„RAKIA-ს მიერ გავრცელებული პრესრელიზი იმის თაობაზე, რომ გელა მიქაძემ მნიშვნელოვანი დამარცხება განიცადა დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში, სიმართლეს არ შეესაბამება. სიტუაცია ზუსტად რომ პირიქითაა“, - აღნიშნავს კეიტ ოლივერი.

კეიტ ოლივერი განცხადების ტექსტში სასამართლოს გადაწყვეტილების ციტირებას ახდენს: „სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები მთლიანობაში მოგებული მხარეა (მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს თავიანთ სარჩელთან მიმართებაში)“.

”სააპელაციო სასამართლომ RAKIA-ს დაავალა ბატონ მიქაძის კომპანიას სასამართლო დანახარჯები გადაუხადოს, რაც, როგორც მინიმუმ ½ მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.InterPressNews.Ge

ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება გაკეთებულია მხოლოდ 3 კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც ბატონ მიქაძეს არ ეკუთვნის.

სამწუხაროა, რომ RAKIA-მ პრესრელიზი გაავრცელა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც აღწერილი შეიძლება იყოს, როგორც ყალბი სიახლე”, - ნათქვამია განცხადებაში.

”რაკიამ” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ლონდონის სააპელაციო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, გელა მიქაძის 42.5 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის ბრძანება გამოსცა.