საქართველოში პენსიონერთა რიცხვი წლიდან წლამდე დიდი სისწრაფით მატულობს, რაც ბიუჯეტს დიდ ტვირთად აწვება.
ქვეყანაში არ იზრდება შობადობის მაჩვენებელიც. ბოლო 2 წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობა 13 000-ით გაიზარდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თუკი მატება ამ ტემპით გაგრძელდა, 10 წელიწადში ქვეყანას დაახლოებით კიდევ 80 000 პენსიონერი შეემატება, რაც ეკონომიკურ პრობლემებს გააჩენს.
სპეციალისტების აზრით, საპენსიო ჩიხი გარდაუვალია, აქედან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა კი რეფორმის გატარება და ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაა. ორივე მიმართულებით მუშაობას წლები სჭირდება. მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგად დაბალანსდება სიტუაცია და მომავალში შობადობის მაჩვენებელიც მოიმატებს.
2015 წლის 1-ელ იანვარს საპენსიო ასაკს მიღწეული ქალების რაოდენობა 448 300 იყო, კაცებისა კი – 199 500, 2016 წლის 1-ელ იანვარს ორივე სქესის პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, 453 700 ქალი და 201 700 კაცი, ხოლო 2017 წლის დასაწყისში ქვეყანაში უკვე 458 500 ქალი და 202 400 კაცი აღირიცხა. აქედან გამომდინარე, ბოლო 2 წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობამ 13 ათასით მოიმატა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
საპენსიო ასაკის მოსახლეობის სიმრავლე ქვეყნის ეკონომიკისთვის საგანგაშოდ მიაჩნია სტატისტიკოს სოსო არჩვაძეს. იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და პენსიონერთა რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვეს, საჭიროა არა საპენსიო ასაკის გადაწევა, არამედ რეფორმის გატარება და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება. აუცილებელია, შობადობის მაჩვენებელი გაიზარდოს და საპენსიო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა მომავალმა თაობამ გადაფაროს.
"უნდა შევქმნათ ისეთი მექანიზმი, როცა პენსიონერის საზოგადოებრივი აქტიურობა იქნება თავად ამ საზოგადოების ინტერესში. ჩვენ 90-იანი წლების ბოლოს გვყავდა 1 მილიონი პენსიონერი. 1999 წელს, როდესაც შეიცვალა კანონი და საპენსიო ასაკმა 5 წლით გადაიწია, ამან პირველ ხანებში შეამცირა საპენსიო წნეხი შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაზე, თუმცა დღეს, 2017 წელს, საქართველოში 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი იმაზე მეტია, ვიდრე 1991 წელს 60 წელს გადაცილებულებისა.
მიმდინარეობს მოსახლეობის ტოტალური დაბერება, საშუალო ასაკი სწრაფად იზრდება და ამის გამოსწორების გზა არა საპენსიო ასაკის გადაწევა, არამედ შობადობის გაზრდაა. შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას, რათა შრომისუნარიანმა ადამიანებმა მოახერხონ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.
რაც შეეხება საპენსიო სისტემას, ჩვენ საბაზრო ეკონომიკით ვცდილობთ პენსიონერისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას, რაც შეუძლებელია. გვჭირდება რეფორმა, რომელიც დაფუძნებული იქნება დაგროვებით პრინციპზე და სახელმწიფოსთან ერთად თავად მოსახლეობა აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, როგორ იცხოვრონ მომავალში. მარტო სახელმწიფოს იმედად ყოფნა შეუძლებელია, არცერთი ქვეყანა არ უზრუნველყოფს მთლიანად ნორმალურ ღირსეულ პენსიას", - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისია, პენსიონერთა რაოდენობის ზრდა პრობლემად მიაჩნია დემოგრაფ ანზორ თოთაძეს. მისი თქმით, სტატისტიკის მიხედვით, პენსიონერთა ასეთი მატების დროს ერი დაბერებულად მიიჩნევა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საფრთხის ქვეშ აყენებს. თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნის ბიუჯეტს იმდენად მძიმედ დააწვება საპენსიო ასაკის მოსახლეობის შენახვა, რომ გადასახადების გაზრდა მოგვიწევს. სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს საპენსიო რეფორმა ან გადაიწიოს საპენსიო ასაკმა, რადგან ნამდვილად ვერ შეძლებს ჩვენისთანა ქვეყანა ამდენი პენსიონერის შენახვას. პარალელურად, უნდა ვიზრუნოთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზე.
"მამაკაცებთან შედარებით, ქალები, ბოლო წლებში თითქმის 9 წლით მეტს ცოცხლობენ. ბოლო წლებში უფრო გაიზარდა ეს მაჩვენებელი. მთელ მოსახლეობაში ხანდაზმულთა წილის სისტემატური ზრდა გვაქვს. როდესაც ხანდაზმულთა ოდენობა მთლიან მოსახლეობაში მატულობს, ესე იგი ერი ბერდება. ბოლო დროს შობადობის შემცირების ფონზე სწორედ ასეთი სურათი გვაქვს.
როცა მოსახლეობის აღწერა ჩატარდა, ხანდაზმულობის მაჩვენებელი 18-20%-ს უდრიდა. ეს საკმაოდ მაღალი ნიშნულია და, შეიძლება ითქვას, საქართველოს მოსახლეობა დაბერებულია. მოსახლეობის დემოგრაფიული დატვირთვის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დემოგრაფიული დატვირთვა ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც შრომისუნარიან ასაკში არიან, რამდენ ბავშვს და მოხუცს არჩენენ.
რაც უფრო იზრდება მოხუცთა რაოდენობა, მით უფრო მძიმედ აწვება ეს ქვეყნის ეკონომიკას. ბოლო საუკუნის განმავლობაში ხანდაზმულთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. მაგალითად, 1897 წელს 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა 85 000 კაცს შეადგენდა. ამ მაჩვენებლმა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ 170 000 კაცს მიაღწია, ხოლო 2017 წელს 537 000 კაცი იყო. შესაბამისად, მათი წილი მთელ მოსახლეობაში 4%-იდან 14%-მდე გაიზრადა. ეს საგანგაშო მაჩვნებელია და თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნის ბიუჯეტს იმდენად მძიმედ დააწვება საპენსიო ასაკის მოსახლეობის შენახვა, რომ გადასახადების გაზრდა მოგვიწევს.
ამისთვის საჭიროა, შემუშავდეს რეფორმა ან გადაიწიოს საპენსიო ასაკმა, რადგან ნამდვილად ვერ შეძლებს ჩვენისთანა ქვეყანა ამდენი პენსიონერის უზრუნველყოფას. პარალელურად კი, აუცილებელია, ვიზრუნოთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზე, რათა სამომავლოდ მეტი შრომისუნარიანი მოსახლე გვყავდეს, ვიდრე დღეს გვყავს", - განუცხადა "რეზონანსს" თოთაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"