პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს 6-6 ათას ლარს გადასცემს

გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა დაღუპული გმირების ოჯახებს, სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენები გადასცა.

ჯილდოსთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები სიმბოლურად 6000-6000 ლარსაც მიიღებენ.

"გვინდა გავიხსენოთ იმ ადამიანების სახელები, ვინც თავისი სიცოცხლე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეალს შესწირა - იდეალს თავისუფლების. დღეს, გარდაცვალებიდან ბევრი წლის შემდეგ, ვაჯილდოებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც იმ მომენტში გააერთიანა მთელი ერი ამ მაღალი იდეალისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.