იაპონიისა და ჩეხეთის საელჩოები საჩხერეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას განახორციელებენ

საჩხერის რაიონის სოფელ ჯალაურთას საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტისთვის იაპონიის მთავრობა 90 ათას აშშ დოლარს, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკა - 21 ათას დოლარს გამოყოფს.

აღნიშნული პროექტის მიზანი, საჩხერის რაიონის სოფელ ჯალაურთაში, გამოსაყენებლად უვარგისი შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, 40 ბავშვისათვის ახალი საბავშვო ბაღის გახსნაა.

იაპონიის საელჩოში აცხადებენ, რომ პროექტი იაპონიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ "V4 (ვიშეგრადის ოთხეული) პლუს იაპონია" ფარგლებში ერთობლივად დაფინანსდება და იგი საქართველოში იაპონიის და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობების პირველ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

პროექტის მიხედვით, იაპონია შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დააფინასებს, ჩეხეთის რესპუბლიკა კი - საბავშვო ბაღის ავეჯითა და სათამაშოებით აღჭურვას უზრუნველყოფს.

პროექტის ხელმოწერის ცერემონიას ხვალ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტომაშ პერნიცკი და სხვა პირები დაესწრებიან.