აზომვითი სამუშაოების შეჩერებამ ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვის გაცემა გადაავადა

ხაიშში აზომვითი სამუშაოების დროებით შეჩერება ჰესის მშენებლობას გადაავადებს.

აზომვითი სამუშაოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ენერგეტიკის სამინისტროში, დახურულ შეხვედრაზე ერთი კვირის წინ მიიღეს. ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის ინეტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

"ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნა ინვესტორის მიმართ იყო, რომ ერთ ლარად გადაცემული ქონების დაბრუნება და დარეგისტრირება მომხდარიყო. გამოიყო ჯგუფი, კანადური კომპანია ,,რეფლაინი", რომელიც განახორციელებდა ამ სამუშაოებს. ამას მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი და მათ მოითხოვეს აზომვის პროცესის დროებით შეჩერება. მზად ვარ შევხვდე მოსახლეობას და დეტალურად ავუხსნა პროექტის დადებითი მხარეები," - განაცხადა სხდომის შემდეგ კახა კალაძემ.

იმის გასარკვევად, თუ რა ვადით შეჩერდა აზომვითი სამუშაოები, bpn ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ირაკლი გაფრინდაშვილმა განაცხადა, ის ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ხაიშში მიწების აზომვითი სამუშაოების პროცესის შეჩერებას უცნაურად მიიჩნევს. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილთან ხელისუფლებამ კონსესუსს უკვე მიაღწია.

"იმედია დაჩქარდება ეს პროცესი... ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა. მესმის, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა მსგავსი პროექტები დროში არ უნდა იწელებოდეს",- აღნიშნა bpn-თან საუბრისას ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, ინვესტორი კომპანია "ტრანსელექტრიკა" ყველანაირად მზად არის პროექტის განსახორციელებლად.

მშენებლობის დასაწყებად მზადყოფნას "ტრანსელექტრიკაშიც" ადასტურებენ. მათი თქმით, მშენებლობის პროცესის დასაწყებად მხოლოდ ნებართვის მიღებას ელოდებიან. კომპანიაში განმარტეს, რომ ნებართვის მიღების ვადამ ხაიშში მიწების აზომვის პროცესის შეჩერების გამო გადაიწია.

როგორც "ტრანსელექტრიკში" ამბობენ, ხელისუფლება ხაიშის მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. აქედან გამომდინარე, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მშენებლობის ნებართვას უახლოეს მომავალში მიიღებენ.