საჯარო დაწესებულებებში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდათ

სახელმწიფო საჯარო დაწესებულებებში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მყოფი მთელი რიგი თანამშრომლები შრომით ხელშეკრულებებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაიყვანეს.

ხელშეკრულებით ურთიერთობაზე გადასვლა, მათ შორის სამოხელეო სტატუსის მქონე პირებს შეეხოთ.

ცვლილებები სახელმწიფო უწყებებში ”საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის და საქართველოს მთავრობის №215 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა, რომლითაც საჯარო სამსახურებს, 2017 წლის 1-ელ ივლისამდე, აპარატებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა და ასევე, შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება დაევალა.

”ინტერპრესნიუსმა” პარლამენტის აპარატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, საშტატო ნუსხაში მყოფი რამდენი და რომელი კატეგორიის თანამშრომლების გადაყვანა მოხდა შრომით ხელშეკრულებებზე.

როგორც პარლამენტში განმარტავენ, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად განხილულ და გაანალიზებულ იქნა აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

”პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციური დატვირთვის და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფაქტორებისა და ქვეფაქტორების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2017 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამდებობები გარდაიქმნას პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობებად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელ თანამდებობებად და შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ თანამდებობებად, პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობები განაწილდეს იერარქიულ რანგებში და გაფორმდეს შესაბამისი ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებები”, - განუცხადეს ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის აპარატში.

მათი ინფორმაციით, შრომითი ხელშეკრულება საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ 187 თანამშრომელთან დაიდო და სათანადო სამოხელეო და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობები შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობებად გარდაიქმნა. როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატში განმარტავენ, აპარატის ტექნიკური, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად უვადო შრომითი ხელშეკრულებები დაიდო.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებები დაიდო პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადით დანიშნულ პირებთან.

”ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება მოსალოდნელი არ არის”, - აცხადებენ პარლამენტის აპარატში.

”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შრომით ხელშეკრულებებზე გადასვლა პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების, სამეურნეო უზრუნველყოფის, რადიოფიცირებისა და სხვა ტექნიკური ფუნქციების განმახორციელებელ თანამშრომლებს შეეხოთ.

პარლამენტის აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანების მიხედვით, პარლამენტის აპარატში არის 3 სახელმწიფო მოსამსახურე; 389 - პროფესიული საჯარო მოხელე; 124 - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; 187 - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

პარლამენტის აპარატის საშტატო ერთეულთა რაოდენობა 703-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე ანალოგიური ცვლილებების განხორციელების ვალდებულება ჰქონდა ყველა სხვა საჯარო უწყებასა და მუნიციპალურ ორგანოს.