სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასწავლო პროგრამის „ერასმუსის“ ყალბი გვერდი, სახელწოდებით "ერასმუსის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები" შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე ქართველი ახალგაზრდის პირადი მონაცემი მოიპოვა.
საქართველოში Erasmus+ ოფიციალური ოფისის ცნობით, „ერასმუსის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები“ სტუდენტებს ევროპაში ერასმუსის უფასო საზაფხულო სკოლებში დასასვენებლად იწვევს.
ყალბ გვერდზე რამდენიმე სტუდენტმა უკვე გადააგზავნა საკუთარი პირადობის მოწმობის ასლები და ელ-ფოსტის მისამართები. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, საიტზე გაგზავნილი პირადობის მოწმობები თაღლითურ სქემებში (მაგ. online სესხები) გამოიყენონ.
"სტუდენტებს ვურჩევთ, გააკეთონ ინდივიდუალური განაცხადი პოლიციაში; გააკონტროლონ საბანკო ანგარიშები – სთხოვეთ ბანკს, ყოველ საბანკო ტრანსაქციაზე სპეციალური კოდი მოგცენ – ამით თავს დაიცავთ არასასურველი გადარიცხვებისგან; შეგიძლიათ ასევე მიმართოთ იუსტიციის სახლს და დააბლოკინოთ თქვენი ID ბარათები", - ურჩევენ სტუდენტებს Erasmus+ ოფიციალურ ოფისში.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ არასამთავრობო, ახალგაზრდული ორგანიზაციის erasmus Student Network Tbilisi ISU-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენმა ქართველმა ახალგაზრდამ გაუგზავნა პირადი მონაცემი სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ გვერდს, ორგანიზაციას არ აქვს.
„რამდენიმე ახალგაზრდამ მოგვმართა და გვითხრა, რომ მათ და მათმა მეგობრებმა საკუთარი პირადი მონაცემი ამ ყალბ გვერდს უკვე გადაუგზავნეს. ზუსტი ციფრი თუ რამდენია მათი რაოდენობა, უცნობია. ეს გვერდი ბავშვებს საზაფხულო სკოლაში გაშვებას და მათ ნაცვლად აპლიკაციის შევსებას ჰპირდებოდა, რისთვისაც პირადობის მოწმობის ასლს და პირად მეილს სთხოვდა. მნიშვნელოვანია, რომ „ფეისბუქზე“ შექმნილ „ფეიკ“ გვერდზე არავითარი საკონტაქტო არ არის მითითებული და მათი პოვნა საკმაოდ რთულია,“ - აღნიშნეს ორგანიზაციაში.
როგორც შს სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უწყებაში მხოლოდ 1 განცხადებაა შესული. მათივე თქმით, მომხდარზე საქმის შესწავლა მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა, დაიწყება თუ არა გამოძიება.