„ედრესი“ „ტომ ტეილორს“ ახალი ბრენდით ჩაანაცვლებს

ფრანჩაიზული კომპანია „ედრესი“ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდის შემოყვანას გეგმავს.

მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რომელიმე მათგანი ქართულ ბაზარზე შემოდგომისთვის გამოჩნდება.

„ედრესის“ მენეჯმენტი ახალი ბრენდით Tom Tailor-ისა და DPAM-ის ჩანაცვლებას აპირებს, რომელთა ლიკვიდაციის პროცესი აპრილის ბოლოსთვის დასრულდება.

„ედრესის” დირექტორი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ბრენდებმა ქართულ ბაზართან ადაპტაცია ვერ მოახერხეს და მათი სხვა ბრენდით ჩანაცვლების გადაწყვეტილების აუცილებლობაც ამან განაპირობა.

„ედრესი“ საქართველოში ბრენდებით - „პრომოდი“, „სელიო“, „გარი ვებერი“, „ორსეი“ და „ეტამი“ არის წარმოდგენილი. კომპანია ბრენდების რესტრუქტურიზაციას მუდმივად ახორციელებს, რის შედეგადაც ორი წლის წინ ძვირადღირებული ბრენდი ”1,2,3” საშუალოფასიანი ”ორსეით” ჩაანაცვლა.