საქართველოში პირველი ქვევრის მუზეუმი იხსნება

კომპანიამ „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ პირველი ქვევრი-მუზეუმი მოაწყო.

როგორც  bpn.ge-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, დავით კახიანმა განუცხადა, სპეციალურ დარბაზში მანეკენები განათავსეს, რომლებიც თიხის შერჩევიდან გამოწვამდე ქვევრის დამზადების ყველა მოქმედებას ასახიერებენ. ამასთანავე, აჩვენებენ თიხის ჭურჭლის რეცხვას, საწნახელში ყურძნის დაწურვასა და ქვევრში ღვინის დაყენების პროცესს.

”სულ 15-მდე მოქმედებაა, რომლის ხილვაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ, გარდა ამისა, ქვევრში ღვინის ფერმენტაციის შესახებ მდიდარი საინფორმაციო მასალა გვაქვს წარმოდგენილი”, - აღნიშნა კახიანმა.

კომპანია მუზეუმის ოფიციალურ გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით ორიოდე კვირაში გეგმავს, თუმცა, პირველი დამთვალიერებლები, რამდენიმე დღის წინ გამართული ღვინის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე უცხოელი ექსპერტების სახით, უკვე ჰყავდა.

”ძალიან მოეწონათ ჩვენი იდეა, ქვევრის ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელებში, რადგან ბიოლოგიურად სუფთა და სასარგებლო პროდუქტია. მათთვის მიმზიდველია ღვინის დამზადების ორიგინალური ტექნოლოგიაც”, - აღნიშნა კახიანმა.

„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ ტყუპმა ძმებმა - გია და გელა გამტკიცულაშვილებმა 2002 წელს დააფუძნეს; აღადგინეს მამაპაპისეული მარანი „ზავოდი” და რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნის ვენახები გააშენეს. ტყუპების პროდუქცია ”ქვევრის მზის” ბრენდით ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გადის. ამავე დროს კომპანია ფლობს თავის მაღაზიებს თბილისში და მცირე სასტუმროს ნაფარეულში და აქტიურად არის ჩართული ღვინის ტურიზმში.