„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება.
მისი თქმით, უნდა განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.
როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, არის ტრანსპორტი და მშენებლობები. მერობის კანდიდატი ასევე აღნიშნავს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ავტობუსების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს.
„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, - აცხადებს კალაძე.