ხვალიდან, 15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება.
აღნიშნულის შესახებ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მიმდინარე წლის ივნისში შევიდა.
კოდექსის მოქმედ რედაქციაში დღის საათებად - 08.00 საათიდან 23.00 საათამდე, ღამის საათებად კი 23.00 საათიდან 08.00 საათამდე პერიოდია განსაზღვრული.
დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 35 დეციბალს, ღამის საათებში კი 30 დეციბალს. რეგულაციები დაწესდა იმ კაფე-ბარებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავსებული. დღის საათებში ასეთ კაფე-ბარებში ხმაური არ უნდა აჭარბებდეს 50 დეციბალს, ღამის საათებში კი 40 დეციბალს.
ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევს.
გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა კი - ფიზიკური პირის 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში იკრძალება და დასჯადი ხდება პიროტექნიკის (ფოირვერკი) გამოყენებაც. 15 აგვისტოდან ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.
სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში ქმედების ხელმეორედ და ყველა მომდევნო ჩადენა კი - ფიზიკური პირის - 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ხმაური არ იკრძალება ახალი წლის დღეებში, კერძოდ, 31 დეკემბრის 21 საათიდან 2 იანვრის 23 საათამდე და 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 23 საათამდე, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.
კანონის აღსრულებას თავიდან საპატრულო პოლიცია მოახედენს. ადგილზე მისული პატრული შეამოწმებს ხმაურის ზომას და თუ ის აჭარბებს დასაშვებ ნორმას, პატრული კანონის დამრღვევს დააჯარიმებს. არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რომელიც ხმაურის დონეს ზომავს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიძინოს. ამ კანონის დაცვა საპატრულო პოლიციას 2018 წლის 1-ელ აპრილამდე დაევალება. 2018 წლის 1-ლი აპრილიდან კი, ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.