ნოდარ ხადური ამერიკაში სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მენეჯმენტს შეხვდება

ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. კერძოდ, ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე მინ ჟუს, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორ მენო შნელს, სსფ-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ მასუდ აჰმედს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელ მარკ გრიფიტს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ ფრანკ ჰემსკერკსა და ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლორა ტაკს შეხვდება.

დაგეგმილია ასევე მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო კორპორაცისთან, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა (MIGA) და საინვესტიციო კომპანია J.P Morgan-ის წარმომადგენლებთან.

ნოდარ ხადურის ვიზიტი აშშ-ში 14 აპრილს დასრულდება.