თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გოგა უკლებას განცხადებით, ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს და „საგანგაშო არაფერი ხდება“.
როგორც გოგა უკლებამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და მსგავსი ღონისძიება განხორციელდა შარდენზე, რკინის რიგში, ბამბის რიგში და ა.შ.
მისივე თქმით, 16 სუბიექტიდან, რომლების მიმართაც საქმის წარმოება დაიწყო, 9 უცხოეთის მოქალაქეა, 7 - საქართველოს მოქალაქე.
„შიგნით კაფეების მუშაობას არანაირი პრობლემა არ ექმნება, უბრალოდ ღია კაფეების განთავსებასთან არის პრობლემა, რადგან ისინი უნებართვოა. ამ ღონისძიების მიზანია ახალი აღმაშენებლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, როგორც ეს განხორციელდა შარდენზე, რკინის რიგში, ბამბის რიგში და ა. შ. არაფერი ახალი და საგანგაშო აქ არ ხდება. სულ უცხოელები არიანო რომ თქვეს, ამ 16-დან 9 ნამდვილად არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო 7 საქართველოს მოქალაქეა. ეს არის საწყისი, მივყვებით და ყველას ერთ, კანონის ჩარჩოში მოვაქცევთ”, - განაცხადა გოგა უკლებამ.