კომპანია „ტავ ჯორჯია“ გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პრობლემის მიზეზს განმარტავს.
როგორც კომპანია „ტავ ჯორჯია“ იუწყება, 10 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პრობლემის მიზეზი თბილისის შემომავალ ხაზზე საერთაშორისო საავიაციო საკომუნიკაციო კომპანიის (SITA) ქსელური მოწყობილობის ავარია გახდა, - ამის შესახებ „ტავ ჯორჯიას“ კავკასიის რეგიონში SITA-ს პარტნიორმა კომპანიამ Orange Business Service აცნობა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ წერილში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში აღმოჩენილი სისტემური პრობლემა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაფიქსირდა.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამჟამად ტექნიკური ხარვეზი თბილისის SITA-ს პარტნიორის Orange Business Service ქსელში აღმოფხვრილია.