ქართული მოცვის ჩაი ექსპორტზე ჩეხეთში გავა

ოზურგეთში მდებარე კომპანია ”საქართველოს თაიგული” ადგილობრივი მოსახლეობისგან მოცვის ფოთლის მიღებას იწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ილია ბასილაშვილმა bpn.ge-ს განუცხადა, ერთ კგ მოცვის ფოთოლში გლეხებს 2,5 ლარს გადაუხდის.

”სეზონი უკვე იწყება, ფოთოლს, როგორც წესი, მთაში კრეფენ, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ნედლეულისგან ორი ტიპის ჩაის, მწვანესა და შავს დავამზადებთ, ეს უკანასკნელი დიაბეტით დაავადებულთათვის ძალიან სასარგებლოა, ისევე როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს”, - განაცხადა ბასილაშვილმა. 

კომპანია პროდუქციას დაფასოების გარეშე როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე ჩეხეთში გაიტანს.

”შარშან საცდელი სახით უკვე დავამზადეთ მოცვის ჩაი და ჩეხ პარტნიორებს გავუგზავნეთ. ჩვენი პროდუქცია ძალიან მოეწონათ, კარგადაც გადაიხადეს, ერთ კილოგრამში - 17 ევრო”, - აღნიშნა მეწარმემ.

აღსანიშნავია, რომ ”საქართველოს თაიგული” წლებია, ძირითადად, უმაღლესი ხარისხის, ე.წ. ”ელიტარულ ჩაის” ამზადებს და ექსპორტზე უკრაინაში გააქვს.

Read this story in English: Georgian bilberry tea to be exported to Czech Republic