ახალი ბინის შეძენა და რემონტი სოლიდურ ხარჯებს მოითხოვს, რის გამოც ადამიანი ნაკლებად ფიქრობს, არის თუ არა მისი კორპუსის წინ გამწვანება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ან როგორი ეკოლოგიური სიტუაციაა იმ უბანში, სადაც უნდა იცხოვროს...
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად აქცევენ ქართველი მომხმარებლები ყურადღებას ტრანსპორტს, გამწვანებას, მაღაზიებს, სკოლას, პარკინგს და ამის გასარკვევად სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართეთ.
როგორც დეველოპერული კომპანია „ეი ჯი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა შოთა გუჯაბიძემ გვითხრა, ყველა კლიენტს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს.
“თითოეული ადამიანი ინდივიდია და ამ საკითხშიც ყველას განსხვავებული შეხედულებები აქვს. ჩემი დაკვირვებით, გამწვანებას ბინის მყიდველები ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, თუმცა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სამაგიეროდ, თითქმის ყველას სურს, რომ მისი ბინიდან ლამაზი ხედები მოჩანდეს. ეზოს რეკრეაციას უფრო ბავშვიანი ოჯახები აქცევენ ყურადღებას, სამაგიეროდ, ყველა ინტერესდება პარკინგით, რადგან ითვალისწინებს, რომ ავტომობილი ახლა თუ არ ჰყავს, მომავალში მაინც შეიძენს. ვისაც ოჯახში სკოლის მოსწავლე ჰყავს, ინტერესდება, არის თუ არა ახლო-მახლო კარგი სკოლა. სხვას სურს, რომ სახლთან ახლოს მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები ჰქონდეს. მოკლედ, ყველას თავისი მოთხოვნები აქვს, რომელიც მის საჭიროებებს შეესაბამება. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც კლიენტი ყველა ამ აპექტს ერთდროულად აქცევს ყურადღებას. ყველა მოთხოვნას რომ პასუხობდეს, ასეთი დასახლება არც არსებობს: გამწვანებაც რომ ჰქონდეს, ლამაზი ხედებიც, სავაჭრო ობიექტებთანაც ახლოს იყოს და სასწავლო დაწესებულებებთანაც, ასეთი დასახლების პოვნა ჩვენთან რთულია, ამიტომ, ბინის მყიდველი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს აქცევს ყურადღებას“, - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.
მისი თქმით, ზოგიერთი მყიდველი ინტერესდება, რამდენად დაცულია ეზო და რამდენად მშვიდ გარემოში მოუწევს ცხოვრება, ზოგს სურს, რომ მისი ბინა სამუშაო ადგილთან ახლოს იყოს, ზოგიც - საავადმყოფოსთან სიახლოვეს ანიჭებს უპირატესობას.
„კითხულობენ, არის თუ არა ახლოს სასწრაფო დახმარება, სახანძრო და სხვა დაწესებულებები. როდესაც ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვია, მის წევრებს უფრო ბაგა-ბაღის სიახლოვე აინტერესებთ. საქართველოში მიღებული პრაქტიკაა კორპუსის პირველ სართულზე კომერციული ფართების გაქირავება, ან გაყიდვა. მობინადრეების უმრავლესობას არ მოსწონს, როცა პირველ სართულზე კაფე-ბარი, რესტორანი, ან ხმაურიანი დაწესებულებაა. ბინის პოტენციური მყიდველები ამ ნიუანსს ყოველთვის ითვალისწინებენ“, - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.
„ეი ჯი ეს ჯგუფის“ დამფუძნებლის თქმით, წესით, ეს ყველაფერი ბინას უნდა ჰქონდეს: პარკინგის სისტემაც მოწესრიგებული უნდა იყოს, გამწვანებაც და ობიექტის უსაფრთხოებაც საიმედოდ უნდა იყოს დაცული.
„საერთოდ, სტანდარტებს თვით ბაზარი ქმნის. იმედია, მომავალში ჩვენი სამშენებლო სექტორი იმდენად განვითარდება, რომ ყველა დეველოპერი ეცდება დახვეწილი, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული პროექტები შექმნას“ - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.
ამავე საკითხზე კომენტარი სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფის“ ხელმძღვანელს - ზვიად დარახველიძეს ვთხოვეთ.
„ჩვენი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა შეზღუდულია, ამიტომ ბინის შეძენამდე გარემოს და ინფრასტრუქტურას უმეტესობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს. პირველ რიგში ფასს კითხულობენ და ამის შემდეგ - სხვა დანარჩენს. არადა, ჯერ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული და საცხოვრებელი კორპუსები მერე უნდა აშენდეს. ეს ჩვენთან აშენებენ ყველგან, სადაც შანსი მიეცემათ, თორემ საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებაზე სამშენებლო კომპანიამ უნდა იზრუნოს, აბა სხვა ვინ იზრუნებს?“, - აღნიშნავს ზვიად დარახველიძე.
მისი თქმით, პროექტში თავიდანვე უნდა იყოს ჩადებული, რომ სამშენებლო კომპანიამ ააშენოს საბავშვო ბაღიც, მაღაზიაც, პარკინგიც და ბევრი სხვა რამ.
„უნდა შედგეს გენერალური გეგმა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ირგვლივ ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. სხვათა შორის, ასეთი პროექტი ჰქონდა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას, რომელმაც ყველაფერი ააგო - სკოლაც, ბაღიც, პოლიკლინიკაც და მშენებარე კორპუსების ირგვლივ პატარა მიკრორაიონი შექმნა. სამშენებლო კომპანია უნდა ცდილობდეს, რომ ადამიანებს კომფორტი შეუქმნას, მაგრამ ამას სოლიდური თანხა სჭირდება. ყველაფერს თუ უზრუნველყოფს, კომპანია შეიძლება გაკოტრდეს, ამიტომ საცხოვრებელი კორპუსების ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სამშენებლო ფირმების უმეტესობა ვერ ახერხებს“, - ამბობს ზვიად დარახველიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე