სკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანია განათლების სამინისტროს პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარი დაუჯდება

„ვაშლების დარიგების“ კამპანიის პირველ ეტაპზე განათლების სამინისტროს 45 ტონა ვაშლი დასჭირდება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.

როგორც პროგრამის მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, სკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანიის პირველ ეტაპი სექტემბრიდან-დეკემბრამდე გაგრძელდება.

„ამ კვირაში სამინისტრო ყველა სკოლისთვის მთლიან ტენდერს გამოაცხადებს. პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც სექტემბერი-დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ვფიქრობთ დაახლოებით 45 ტონა ვაშლი დაგვჭირდება. რაც შეეხება ხარჯებს, პირველადი მონაცემით, ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ დეკემბრამდე სკოლების ვაშლებით მომარაგებას მთლიანობაში 90 ათასი ლარი დასჭირდება,“ - აღნიშნა მუშკუდიანმა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ვაშლები თბილისის 10 სკოლის 20 ათას ბავშვს დაურიგდება.

მოსწავლეებს ვაშლები კვირაში ერთხელ დაურიგდებათ.

„საწყის ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით არსებული დიდი სკოლები შევარჩიეთ. შესაბამისად, კამპანიის პირველ ეტაპზე, რომელიც სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდება, ვაშლები თბილისის 10 სკოლაში დარიგდება. რაც შეეხება მოსწავლეების რაოდენობას, საუბარია 20 ათას ბავშვზე“, - განაცხადა მუშკუდიანმა.

მისივე თქმით, კამპანია ერთჯერადი ხასიათის არ არის და პროგრამა იანვრიდან უკვე ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებსაც მოიცავს.