რა არის "გრინქარდი", რომლის მიღებას მილიონობით ადამიანი ცდილობს

ყოველწლიურად გასათამაშებელი "მწვანე ბარათების რაოდენობა" 50 000-დან 140 000-მდე გაიზრდება.

ცვლილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება. ახალი სისტემით, აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს ქულებით შეაფასებენ და ყოველწლიურად ხელმისაწვდომ საიმიგრაციო ვიზას ის პირები მიიღებენ, რომლებიც ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებენ.

"მწვანე ბარათის" გათამაშება პირველად 1940 წელს მოხდა, მას შემდეგ გათამაშება ყოველწლიურია. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, "მწვანე ბარათს" ყოველწლიურად დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანი იგებს.

გათამაშებას ოფიციალურად “მრავალფეროვანი სავიზო პროგრამა" ეწოდება და ის აშშ-ს კონგრესის მიერაა დამტკიცებული. ლატარეას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.

"მწვანე ბარათის" გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია.

თითოეულ ქვეყანას გათამაშებაში მოგებათა განსაზღვრული ლიმიტი აქვს. ის ყოველწლიურად სხვადასხვაა, ვინაიდან კანონმდებლობა მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებით პერიოდულად იცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო ცდილობს სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტთა რაოდენობა დააბალანსოს და ამით მრავალფეროვნება და სამართლიანობა მაქსიმალურად დაიცვას. პერიოდულად გარკვეულ ქვეყნებს ეკრძალებათ გათამაშებაში მონაწილეობა, რადგან იმ ქვეყნის წარმომადგენლების რაოდენობა უკანასკნელ წლებში მნიშვნლეოვნად გაიზარდა. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება პიროვნების დაბადების ადგილის და არა მოქალაქეობის მიხედვით.

2016 წელს, საქართველოში 571-მა ადამიანმა მოიგო აშშ-ში ცხოვრების და მუშაობის უფლება. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის საშუალო მაჩვენებელი 650 ადამიანია. "მწვანე ბარათის" გათამაშებაში დასარეგისტრირებლად აუცილებალია ოფიციალურ ვებგვერდზე გაიაროთ რეგისტრაცია (https://www.dvlottery.state.gov). პროცედურა საკმაოდ მარტივია, თუმცა უმცირესი წვრილმანიც კი სწორად უნდა შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გათამაშებას გამოეთიშებით. რეგიტრაცია უფასოა.

2018 წლის გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა 04.10.2016-დან 06.11.2016 დროის შუალედში შეავსოთ განცხადება. გათამაშებაში მონაწილე ადამიანს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული საშუალო განათლება (12 წლიანი) ან მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში ისეთ სამუშაოზე, რომლის ათვისებასაც სჭირდება მინიმუმ 2 წლის სწავლა. მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18 წელია. მეუღლეებს და შვილებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით. ამ შემთხვევაში გამარჯვების შანსი იზრდება.

გამარჯვებულებს კომპიუტერი გამოავლენს, თუმცა, ინიცირებული სისტემის მიხედვით ეს პროცედურა სრულად შეიცვლება და მონაწილეებს გარკვეული ქულები მიენიჭებათ. საბოლოო ჯამში, კანდიდატმა სულ მცირე 30 ქულა უნდა მოაგროვოს რათა ამერიკის ფარგლებში ცხოვრების უფლება მოიპოვოს.

როგორ ნაწილდება ქულები:

ასაკი:

18-დან 21 წლის ადამიანებს 6 ქულა მიენიჭებათ, მაშინ როცა 22-დან 25 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მოხვედრილები 8 ქულას მიიღებენ. ყველაზე მაღალი ქულით 26-დან 30 წლის ადამიანები შეფასდებიან, მათ 10 ქულა მიენიჭებათ. ამის შემდეგ ქულები კვლავ კლებას დაიწყებს და ადამიანი, რომელიც 31-დან 35 წლის ასაკობრივ კატეგორიაში იქნება 8 ქულას მიიღებს, 36-დან 40-მდე - 6 ქულას, 41-დან 45-მდე 4 ქულას და 46-დან 50-მდე 2 ქულას. 18 წლამდე და 50 წელს ზემოთ ადამიანები ქულას საერთოდ ვერ მიიღებენ.

განათლება:

ამ შემთხვევაში ქულები უმაღლესი ხარისხების მიხედვით ნაწილდება. ამერიკის სასკოლო განათლების მქონე პირი ერთ ქულას მიიღებს ისევე როგორც ადამიანი, ვინც საზღვარგარეთ ეკვივალენტურ განათლებას მიიღებს. საზღვარგარეთის ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანი 5 ქულას მოიპოვებს, ამერიკის ბაკალავრის ხარისხი კი 6 ქულას. პირს რომელსაც მაგისტრის ხარისხი ამერიკის ფარგლებს მიღმა აქვს მიღებული 7 ქულას მიიღებს, ამერიკის მაგისტრის ხარისხის მქონე კი ერთი ქულით მეტს მოიპოვებს. საზღვარგარეთ მიღებული დოქტორის ხარისხი ახალი სისტემის მიხედვით 10 ქულას დაიმსახურებს, იგივე განათლება მიღებული ამერიკაში 13 ქულას მოგაპოვებინებთ.

ინგლისურის ენის ცოდნა:

ქულა ინგლისურის ცოდნისთვისაც მოგენიჭებათ, ცოდნის დონე კი სტანდარტული ტესტის მიხედვით შემოწმდება. აპლიკანტი, რომელსაც 60%-ზე ნაკლები სწორი პასუხი ექნება ქულას ვერ დაიმსახურებს. 60-დან 80%-მდე სწორი პასუხი 6 ქულას მოგაპოვებინებთ, 80-დან-90%-მდე - 10 ქულას, 90% და ზემოთ 11 ქულა, თუ ტესტის პასუხების აბსოლუტურად სწორი გექნებათ 12 ქულას მიიღებთ.

სამუშაო შემოთავაზება:

ამ შემთხვევაში ქულები ამერიკის ფარგლებში შემოთავაზებული სამსახურის ანაზღაურების მიხედვით განაწილდება. პირი რომლის შეთავაზებული ანაზღაურება მშობლიურ ქვეყანაში საშუალო ხელფასს 150%-ით გადააჭარბებს 5 ქულა მიენიჭება, თუ 200 %-ით გადააჭარბებს 8 ქულას მიიღებს და 300%-ით გადაჭარბების შემთხვევაში, 13 ქულას დააგროვებს. იხილეთ გაგრძელება