1-ელი სექტემბრიდან, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") ნაცვლად, ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი Buta Airways იწყებს , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე Buta Airways შესრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბერი - 24 მარტი) საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლა გაზრდილი სიხშირით განხორციელდება.
ფრენები არსებული 10 სიხშირის ნაცვლად, კვირაში 14 სიხშირით (დღეში ორჯერ) Embraer E190 / E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 9 აგვისტოს მიანიჭა.
Buta Airways წარმოადგენს ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) სტრუქტურის ქვეშ შექმნილ ავიაკომპანიას, რომელიც დაფუძნებულია დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე და სამგზავრო საავიაციო მიმოსვლის დაწყებას 1-ელი სექტემბრიდან გეგმავს.