აბიტურიენტებს შორის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები წელს სამართალმცოდნეობა, ბიზნესი და საერთაშორისო ურთიერთობებია.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს - ე.წ. უფასო ფაკულტეტებს შორის გამოკვეთილია ინტერესი ისტორიის, ქართული ფილოლოგიისა და არქეოლოგიის მიმართ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, წინა წლებთან შედარებით, გამოიკვეთა სამშენებლო მიმათულებისადმი ინტერესიც.
”პირველი არჩევანით თუ ვიმსჯელებთ, ცოტა ხნით დავივიწყოთ ფაკულტეტები, რომელთაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ნამდვილად იკვეთება ინტერესი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების და ბიზნესის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ”უფასო ფაკულტეტებს”, ნამდვილად, ამ მიმართულებითაც სერიოზული ინტერესია აბიტურიენტების მხრიდან. გამოკვეთილია ისტორია, ქართული ფილოლოგია, არქეოლოგია. აშკარად გამოიკვეთა სამშენებლო მიმართულება. სერიოზული კონკურსია ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია. გამოიკვეთა სერიოზული ინტერესი არაქართულენოვანი აბიტურიენტების მხრიდან ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა. მაგალითად, ახალციხის უნივერსიტეში გაცილებით უფრო დიდია კონკურსი, ვიდრე აქამდე იყო”, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებლებთან მიმართებაში მოთხოვნას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, აქ გასათვალისწინებელია სფეციფიკა, ხარისხობრივი ნიუანსები და სხვა.
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის მოთხოვნადია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ლიდერობს თსუ, რადგან მაია მიმინოშვილის თქმით, მას ყველა მიმართულებაზე თამასა აქვს აწეული, ასევე მოთხოვნადი სასწავლებლებია სამედიცინო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია.