სანამ ჩვენ არ გვექნება ძლიერი, ქმედითი პროგრამა მიწის თაობაზე, რაიმე ტიპის განცხადება უბრალოდ სადღეგრძელოს ჩაწერაა კონსტიტუციაში, ასეთი სადღეგრძელოები კი არაერთია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ერთ-ერთი სტუდენტი კონსტიტუციაში მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდა.
პრეზიდენტის თქმით, უნდა შეიქმნას ქმედითი პროგრამა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სარგებელი ნახონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მარგველაშვილის აზრით, განცხადებების გაკეთება არაფრის მომტანია.
“სასოფლო-სამეურნეო მიწა ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება იმიტომ, რომ უზრუნველყოს სურსათით თავისი მოსახლეობა და დაასაქმოს ის. აქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ არ გვექნება ძლიერი, ქმედითი პროგრამა მიწის თაობაზე, რაიმე ტიპის განცხადება უბრალოდ სადღეგრძელოს ჩაწერაა კონსტიტუციაში. ასეთი სადღეგრძელოები კი არაერთია იგივე მიწის თაობაზე, ოჯახის თაობაზე, ნატოს თაობაზე და ა. შ. კარგი იქნება, ქართული მიწა მოსახლეობას აჭმევდეს და ასმევდეს და მერე მოვიფიქროთ მისი განკარგვა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.