დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი, ფაქტობრივად, განადგურებულია.
ადგილობრივების თქმით, ბოლო დრომდე მაინც ჰქონდათ იმედი, რომ თხილის მოსავლით არ იზარალებდნენ, მაგრამ უკვე ეს იმედიც გადაეწურათ. შესაბამისად, ძალიან ბევრმა გადაწყვიტა, რომ თხილის მოგროვება არ ღირს, რადგან ცალკე ხარჯის გაწევა მოუწევთ, რასაც თხილის რეალიზაციით ვერც დაფარავენ.
ზუგდიდის რაიონის, ე.წ. დაბალი ზონის ტერიტორიაზე, თხილი, აზიურმა ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა. მოსახლეობა ამბობს, რომ თხილნარები დროულად არ შეიწამლა და ამის გამო დაზარალდნენ. მათი თქმით, ადგილობრივები სამსახურები შეპირდნენ, რომ პლანტაციებს იანვარში შეწამლავდნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან მათი განმარტებით, "ვერ დაზუსტდა თუ რა ტიპის ხსნარით უნდა შეეწამლათ პლანტაციები".
ერთი პერიოდი, ფაროსანა თითქმის არ ჩანდა, თუმცა ახლა ისევ ერთბაშად იფეთქა. თხილის ნაყოფი ჩამოცვენილია, მაგრამ ხელს არავინ ჰკიდებს. ამიტომაც, თუ რამდენიმე დღის წინ 1 კილოგრამი თხილი 1,50 ლარი მაინც ღირდა, ახლა მოკრეფილ ნაყოფში, მხოლოდ 50 თეთრს ან 1 ლარს იძლევიან, რადგან უკვე ძალზე უხარისხოა.
"მოგროვებულ თხილს არავინ იბარებს, თუ ახალ მოკრეფილს იმავე დღეს ან მაქსიმუმ დილით მაინც ჩააბარებ, კიდევ შეიძლება რაღაც გამოვიდეს, თუ არა და, ერთ დღეში ფუჭდება", - ამბობს ჩვენთან საუბარში ფერმერი ნონა დავითაია, რომლის თქმითაც, თხილის გადანადგურების შემდეგ, ფაროსანა სხვა მცენარეებზედ გადადის.
სურსათის ეროვნული სააგენტო კი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ნაკვეთებს ახლაც წამლავენ, ხოლო რაც შეეხება სოკოვან დაავადებებს, მათ წინააღმდეგ უშუალოდ ფერმერებმა უნდა მიიღონ ზომები.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, საჭიროა კომპლექსური წამლობა, აზიური ფაროსანა პლუს სოკოვანი დავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
"ვიღაცეებს ეგონათ, რომ თუ თხილს დარგავდნენ, ყველა სეზონზე ხელფასივით აიღებდნენ რამდენიმე ათას ლარს და ამიტომ სასწრაფოდ ჩაყარეს თხილი. არადა, ეს დაავადებები ასე მიშვებული პლანტაციებისთვის ზედგამოჭრილი ბუდეა, - თხილს რომ მოვლა სჭირდება, ჯერ კიდევ ერ გაიგო გლეხმა. ამის შედეგებს ვიმკით ახლა", – ამბობს აგრონომი ნუგზარ სართანია.
ფერმერების თქმით, დაავადება ადვილად ვრცელდება, რადგან ქარს გადააქვს. დაავადება ორი წლის წინ გამოჩნდა და რადგანაც დროულად არ უწამლეს, ეპიდემიად იქცა. მათი მტკიცებით, თუ თხილნარები ახლაც არ შეიწამლა, დაავადება იმ მთიან ზოლსაც მიაღწევს, სადაც ჯერ კიდევ ხარისხიანი თხილის შემოსავალი აქვთ.
ოფიციალური უწყებები ისევ და ისევ ფერმერების პასუხისმგბლობაზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, ფერმერი, რომელსაც პლანტაცია აქვს, ამ პლანტაციას უნდა უვლიდეს. როდესაც ამბობენ, სახელმწიფომ უნდა შეწამლოსო, ეს გადაჭარბებულია, რადგან ეს არის ფერმერის ბიზნესი და მან თავის საქმეს თავად უნდა მიხედოს.
ექსპერტთა თქმით, აზიური ფაროსანა, მხოლოდ თხილს კი არა, სხვა მცენარეებსაც აზიანებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტიას განმარტავებით, სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში 53 ათასი ჰა უკვე დამუშავებულია. ამ ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აზიური ფაროსანა.
თუმცა მისივე თქმით, სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული.
როგორც ზურაბ ლიპარტია ამბობს, სამი წამლობა უკვე განხორციელდა, რაც შემდეგ ეტაპებს გულისხმობს, - პირველი წამლობა ტკიპის წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს, მეორე - სოკოვანი დაავადებების, მათ შორის, ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ, ხოლო მესამე, კომბინირებული წამლობა, სოკოვანი დაავადებებისა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ.
ლიპარტიას თქმით, აუცილებელია ფერმერებმა და გლეხებმა ტერიტორია სანიტარიულად გაწმინდონ - მცენარეს ხმელი ტოტები მოაშორონ, დამპალი ფოთლები კი გაიტანონ, რადგან ამ ფოთლებში სოკო ადვილად იბუდებს. ლიპარტია ამბობს, რომ თუ ფერმერმა თავისი კუთვნილი ნაკვეთი საფუძვლიანად დაამუშავა, მეზობლების მიწებზე დაბუდებული დაავადებები მას ვერ დააზარალებს.
თხილის მოსავლის განადგურება, მხოლოდ ფერმერებისთვის არ ყოფილა ზიანის მომტანი, ბოლო რამდენიმე წელია თხილის მოგროვება ახალ, "სეზონურ პროფესიად" იქცა. ადგილობრივები წინასწარ ურიგდებოდნენ ფერმერებს და მათგან ყოველდღიურად 25-30 ლარს იღებდნენ, იმის მიხევდით თუ რა ფართობზე უწევდათ მუშაობა. წელს თხილის მოსავლის უხარისხობის გამო, ეს საქმე ჩავარდა და ის ასობით ადამიანი, ვინც ამ საქმით იყო დაკავებული, სეზონზეც უმუშევარი დარჩა...
"10-15 ლარი შემოგვთავაზეს ამ ლამის 40-გრადუსამდე სიცხეში, თან მოგროვება კი არა, მოკრეფა - რაც უფრო რთული სამუშაოა. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ვმუშაობთ, მხოლოდ შუადღეს ვისვენებთ, 1 საათით, სადილის დროს. ადრე 30 ლარს გვიხდიდნენ და როგორღაც გვიღირდა წვალებად, სეზონზე 1000- 1500, ზოგჯერ 2 000 ლარიც გამოგვდიოდა. ახლა ამ საშინელ სიცხეში, შეიძლება ორ თვეში 1000 ლარიც არ გამოვიდეს. ზოგი ამაზეც თანახმაა, მაგრამ ძალიან ბევრმა თქვა, შემგროვებლების დაქირავება და მათთვის ფულის გადახდა არ მიღირსო და ღორები შეუშვიათ", - ამბობს ადგილობრივი მზია შამუგია.
ლალი პაპასკირი