მილიონერ დეპუტატებს შორის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაიაა.
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ცნობით, მისი ქონება ჯამში 5 მილიონ ლარადაა შეფასებული.
2016 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ფლობს 1 100 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში და თბილისში მდებარე 101 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 25%-იან წილს.
მასვე ეკუთვნის ROLEX-სა და HUBLOT-ის ფირმის 2 მაჯის საათი. თითოეული მათგანის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 199 948.44 დოლარი; საკრედიტოზე - 9 717.41 ლარი; „პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 4 482.20 ლარი; „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 2 110.09 ლარი და 0.93 ბრიტანული ფუნტი; ხოლო საკრედიტოზე - 4 155.25 ევრო ჰქონდა. მასვე ნაღდი ფულადი თანხის სახით ჯამში, 15 000 ლარი ჰქონდა.
ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში წულაია 25 კომპანიის დირექტორი და 31 კომპანიის პარტნიორი იყო. თუმცა, ამათგან, შემოსავალი მხოლოდ შპს „არქის“ დირექტორის პოსტზე მიიღო. მისმა შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე წინა წელს 225 017.50 ლარი შეადგინა.
დეპუტატის სახელზე 15 სასესხო ხელშეკრულებაა რეგისტრირებული, მათ შორის: იჯარა 300 დოლარის ოდენობით, რომლის შედეგადაც შემოსავალმა წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 3 000 დოლარი შეადგინა; 433 300 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის გასავალმაც 62 721.29 დოლარი შეადგინა; 120 000 დოლარიანი სესხი, რომლის გასავალიც გასულ წელს 2 112.03 დოლარი იყო; 1 000 000 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 286 284.75 ლარი შეადგინა; 800 000 დოლარის სესხი, რომლის შემოსავალიც 295 405.06 ლარი იყო; 15 000 ლარის საკრედიტო ბარათი, რომლის გასავალიც 5 337.11 ლარი იყო; 8 500 ევროს ოდენობის საკრედიტო ბარათი, რომლის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 18 404.61 ევრო შეადგინა; იჯარა 375 დოლარის ოდენობით, რომლის შემოსავალიც 750 დოლარი იყო.
დეპუტატს მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. დეკლარაციის თანახმად, ილია წულაიას მეუღლეს ეკუთვნის 1 746 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში და 1 151.47 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი. მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 15 000 ლარი ჰქონდა.