ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ ჩართვის დღიდან (2016 წლის ნოემბერი) გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 67 000 000 კილოვატ საათს შეადგენს.
როგორც შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურში“ განაცხადეს, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის ივლისის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 7 327 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც ივლისის თვის პროგნოზს 427 0000 კილოვატ საათით აღემატება.
რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებას, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე ყაზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც ფინანსური და იურიდიული მომსახურების შესყიდვა მოხდება. მისივე თქმით, შერჩეული შესაბამისი საკონსულტაციო კომპანია მოახდენს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სააქციო საზოგადოებად გადაკეთების პროცესს.
„გარდა ამისა, რეორგანიზაციასთან ერთად, EBRD-თან ჩვენი ვალდებულების შესაბამისად მოლაპარაკებები გაიმართება, რათა მოხდეს ამ აქციების საჯარო შეთავაზების განხორციელება შესაბამისი წესებისა და პირობების მიხედვით, როგორც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან არსებული ხელშეკრულების პირობებით. კონტრაქტშია ასეთი მუხლები, რომ მათთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ამ აქციების გასხვისება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ყაზარაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ საკონსულტაციო კომპანია განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ქართლის ქარის ელექტროსადგურის საკონტროლო პაკეტი „ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაციის მფლობელობაში.
„როდესაც გარდაიქმნება სააქციო საზოგადოებად, შემდეგ განისაზღვრება რა ტიპის აქციები უნდა გამოიცეს, მართვის სისტემა როგორი იქნება, რა პირობებით, ჩადებით, რა ფასით იქნება და ა.შ. უნდა შეირჩეს ყველაზე ოპტიმალური მოდელი, რომ ამ საჯარო შეთავაზებას მოერგოს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.