ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა.
როგორც კლინიკა „მედინას“ მთავარმა ექიმმა ჯუმბერ უნგიაძემ განაცხადა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.
„პაციენტი ძალიან მძიმედ არის, იმიტომ, რომ სხეულის ძალიან დიდი ნაწილი დამწვარი აქვს. მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90 პროცენტია დამწვარი. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე“, - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.
ასევე მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა, რომელიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ.
რაც შეეხება მესამე პირს, ის შედარებით მსუბუქი დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის - გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.