მიმდინარე წლის განმავლობაში ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ჯამში 1 594 პირია დაჯარიმებული.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ჯარიმების საერთო თანხამ 551 070 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საჯარიმო ოქმებს, სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საჯარიმო ოქმი 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე შედგა, რაც 80 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
როგორც „თბილსერვისს ჯგუფში“ აღნიშნავენ, ქვეითმა ინსპექტორებმა, რომლებმაც მოქალაქეთა დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყეს, დღემდე 1 119 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. აქედან 1 026 დაჯარიმებული პირი უცხოელია.
ამასთან, სამსახურის ინფორმაციით, 20 აპრილიდან დღემდე ქვეითი ინსპექტორების მიერ გამოწერილი ჯარიმების საერთო თანხამ - 197 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სამანქანო ეკიპაჟებს, რომლებიც ძირითადად ქუჩების სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებაზეა ორიენტირებული, „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ეკიპაჟების მიერ მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 475 ოქმია შედგენილი. აქედან, 164 კი იურიდიული პირი იყო. ამასთან, მათ მიერ გამოწერილმა ჯარიმებმა ჯამში 354 070 ლარი შეადგინა.
ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი; ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას); ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარი;
ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარი; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი - 1 000 ლარი.