”გაზპრომმა” ”ყირგიზგაზი” ერთ დოლარად შეისყიდა

რუსულმა გიგანტმა კომპანია ”გაზპრომმა” ერთ დოლარად ყირგიზეთის გაზგამანაწილებელი კომპანიის ”ყირგიზგაზის” აქციათა 100% შეისყიდა, - შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა დღეს გააფორმეს.

”ახალი კომპანიის, ”გაზპრო -ყირგიზეთის” მთავარი მიზანი იქნება, ყირგიზი მომხმარებლები ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მოამარაგოს”, - განაცხადა ”გაზპრომის” ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა.

შეთანხმების მიხედვით, ”გაზპრომი” საკუთარ თავზე აიღებს ”ყირგიზგაზის” 40 მილიონი დოლარის დავალიანებას. ამასთანავე, 700 კმ-იანი გაზგამანაწილებელი სისტემის მოდერნიზაციას განახორციელებს, რისთვისაც ხუთი წლის განმავლობაში 20 მილიარდ რუბლს დახარჯავს.

”ჩვენ ასევე ვგეგმავთ, განვაახლოთ გეოლოგიურ-დაზვერვითი მუშაობა ყირგიზეთის ტერიტორიაზე, რათა რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალი ავამაღლოთ. დღეისათვის ყირგიზეთი მხოლოდ 30 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოპოვებას ახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მაჩვენებლებსა და ხარისხს მნიშვნელოვნად გავზრდით”, - აღნიშნა მილერმა.

შეთანხმება 25-წლიანია, ამ ვადის გასვლის შემდეგ ყირგიზეთს შესაძლებლობა მიეცემა, აქციები უკან გამოისყიდოს.

აღსანიშნავია, რომ ”გაზპრომი” 100%-ით ფლობს სომხეთის გაზგამანაწილებელ კომპანიას, ხოლო 50%-ით კი - მოლდოვას რესპუბლიკის.