ბოლო ერთ წელიწადში კოსმეტიკური ნაწარმი 15%-ით გაძვირდა

კოსმეტიკურ საშუალებებზე ფასმა მოიმატა. პარფიუმერიული მაღაზიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ერთ წელიწადში პარფიუმერიული ნაწარმი 15%-ით გაძვირდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, წამახალისებელი აქციების ფარგლებშიც, მომხმარებელი კოსმეტიკაში საკმაოდ ძვირს იხდის. მიუხედავად ამისა, პარფიუმერიული ბიზნესის წარმომადგენლებს პროდუქციის რეალიზაცია არ უჭირთ. მყიდველის უკმაყოფილება კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვაზე ნაკლებად აისახება.

"რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა, რათა დაედგინა, რამდენად აქტიურია პარფიუმერიის მომხმარებელი და როგორია მისი დამოკიდებულება გაზრდილი ფასების მიმართ.

22 წლის მარიამ ბუაძე, ასაკის მიუხედავად, თავს განსაკუთრებულად უვლის. ის ამბობს, რომ ხელფასის დიდ ნაწილს კოსმეტიკის შესაძენად ხარჯავს.

"მიმაჩნია, რომ ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, რაც უნდა ძვირი ღირდეს კოსმეტიკური საშუალებები. მართალია, ასაკით პატარა ვარ, მაგრამ კოსმეტიკურ საშუალებებში, შემიძლია, ძალიან ძვირი გადავიხადო. ფასებმა აბსოლუტურად ყველაფერზე მოიმატა. თუკი ნორმალურ ქვეყანაში ხელფასის 10-15% შეიძლება დაიხარჯოს კოსმეტიკის ყიდვაზე, აქ რადიკალურად სხვა რეალობაა, კლიენტები კოსმეტიკის შესაძენად ხელფასის ნახევარზე მეტს ხარჯავენ. ცხადია, ვგულისხმობ იმ კატეგორიას, რომელიც კოსმეტიკის აქტიური მომხმარებელია. აი, მაგალითად, ჩემი ხელფასიც თითქმის მთლიანად კოსმეტიკური პროდუქციის შეძენაში იხარჯება", - აღნიშნა მარიამ ბუაძემ.

bpn

კოსმეტიკის მაღაზიებში პროდუქციის მაღალ ფასს ხარისხს უკავშირებენ. მაღაზიების მენეჯერების თქმით, ხალხი დასვენების პერიოდშიც კი ცდილობს კოსმეტიკის შეძენას, განსაკუთრებით კი ტურისტები აქტიურობენ.

"ხარისხიანი პროდუქცია შემოდის უცხოეთიდან და ამიტომ აიწია ფასებმაც. ერთი წელიწადში პარფიუმერიული ნაწარმი დაახლოებით 15%-ით არის გაძვირებული. ამაში არაფერია საგანგაშო, რაც კარგია, ყველაფერი ძვირი ღირს, ყოველთვის ასე იყო. ამასთან, ძვირის გვერდით შედარებით იაფი კოსმეტიკაც იყიდება. ყველაფერს თავისი მომხმარებელი ჰყავს. რა საშუალებაც აქვს, ხალხი იმის შესაბამისად ყიდულობს. ინტერესი ძალიან დიდია დასვენების პერიოდშიც. ჩვენთან კოსმეტიკას ყველაზე ხშირად ტურისტები ყიდულობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ საქართველოში კოსმეტიკა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაფი ღირს," - განუცხადა "რეზონანსს" ია ბოკუჩავამ, პარფიუმერიული მაღაზიის თანამშრომელმა.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი ამბობს, რომ მომხმარებლის დეფიციტი არ ყოფილა და საზაფხულო სეზონსაც კარგი შედეგით ასრულებენ.

"რეალიზაციას არ ვუჩივით, ნორმალური მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, გასული წლის ამ სეზონის მაჩვენებელს სჭარბობს. კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ვითარება კარგია, რასაც ფასდაკლებამაც ხელი შეუწყო. ამ პერიოდში ხალხი მეტ აქტიურობას იჩენს. ზოგი ძვირფას ადამიანს უძღვნის საჩუქარს, ზოგიც - საკუთარ თავს, ყველა ცდილობს მისთვის სასურველი პარფიუმერიული ნაწარმის შეძენას. განსაკუთრებით სუნამოები იყიდება. გვაქვს აგრეთვე თავის მოვლის სხვადასხვა საშუალება, რის მიმართაც დიდია მომხმარებლის ინტერესი. ფასდაკლება 25 პროცენტის ფარგლებშია, რაც გაყიდვის მაჩვენებელს აუმჯობესებს. შეიძლება ითქვას, კრიზისის შემდეგ ყველაზე აქტიური წელი გვაქვს", - ამბობს მაღაზიის კონსულტანტი.

"რეზონანსი" იაფფასიან მაღაზიებსაც ესტუმრა, რომელთა მენეჯერების თქმით, ფასები კოსმეტიკურ საშუალებებზე არ შეუცვლიათ.

"კოსმეტიკა არ გაგვიძვირებია. ვცდილობთ, ფასდაკლება გვქონდეს ყოველდღიურად, ორიგინალი პროდუქცია არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, მსგავსი კოსმეტიკა შემოვიტანოთ, უკმაყოფილო კლიენტი ჯერ არ გვყოლია. ყველა კმაყოფილია იმით, რომ ჩვენთან დაბალი ფასებია და სასურველი კოსმეტიკის შეძენა ხელმოკლე ადამიანებსაც შეუძლიათ", - აღნიშნა "ნავნეს" მენეჯერმა.

bpn

თუმცა არის განსხვავებული ვითარებაც. პარფიუმერიული ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს, რომ რეალიზაცია შეუმცირდა.

დიდუბეში მდებარე პარფიუმერული მაღაზიის მფლობელი ნატა გულუა ამბობს, რომ შარშან ამ დროს გაცილებით უკეთესი ვითარება იყო.

"ყველა დასვენებისთვის აუცილებელი ატრიბუტების შეძენაზეა ორიენტირებული და ფუფუნებისთვის ნაკლებად იცლიან. ბევრს ამის შესაძლებლობა არც აქვს. რეალიზაციის მნიშვნელოვანი კლება არ ყოფილა, თუმცა დანაკარგი მაინც განვიცადეთ. იმდენად მცირეა ეს მაჩვენებელი, რომ ამით მდგომარეობის გამოსწორებას არ ველოდებით. ვინც ერთგული მომხმარებელია, არც ამ პერიოდში გვღალატობს და მისთვის საჭირო ნივთს ახლაც ყიდულობს. არ ვიცი, რა მდგომარეობაა სხვაგან. ჩემი მაღაზიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ პარფიუმერიული ბიზნესისთვის რთული პერიოდია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უმუშევარია და სხვისი ჯიბის შემყურე რჩება. ბუნებრივია, ასეთი ადამიანი პარფიუმერიას, რა ფასადაც უნდა შესთავაზო, ვერ შეიძენს. მაღაზიაში თურქული ნაწარმი გვაქვს. დაბალი და საშუალო ფასებია, ამ წელს ბევრი იაფი კოსმეტიკა გაიყიდა, მაგრამ ამან არსებული ვითარება ვერ გააუმჯობესა. მომხმარებელს სასაჩუქრე პაკეტიც შევთავაზეთ, სხვადასხვა ნაწარმის ნაკრებია, თითო 28 ლარად. ვითარება ვერც ამან შეცვალა. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრიდან მეტი აქტიურობა გვექნება", - ამბობს ნატა გულუა.

სპეციალისტები კი საბოლოოდ ერთ რამეზე შეთანხმდნენ: "საჭირო არ არის, მთლიანად გადახვიდეთ ძვირფას კოსმეტიკაზე და თუ შეიძენთ მას, სასწაულს ნუ მოელით". კოსმეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ მცენარეები, ზღვის მინერალები და ზეთები, უკვე დიდი ხანია, ნდობით სარგებლობს და ამიტომ მაღაზიაში ნაყიდ პროდუქციას ბუნებრივ კოსმეტიკას ამჯობინებენ.

სოფიო ჩხიკვაძე

გაზეთი "რეზონანსი"