კახელი ფერმერები მოახლოებული რთველის სამზადისში არიან, თუმცა ყურძნის ფასით უმეტესობა უკმაყოფილოა.
ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრმა - გია ნინიძემ განუცხადა.
"ყველაზე მეტად საფერავის ფასი გვაოცებს: 1 კილოგრამის ფასი 1 ლარია, ეს მაშინ, როცა საფერავი უნიკალური, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია, რომლისგანაც ძვირფას ღვინოს ამზადებენ. მეღვინეებიც არ მალავენ, რომ შარშან ეს ყურძენი უცხოეთში დიდი რაოდენობით გავიდა. მას დიდი მოწონება ჰქონდა ჩინეთში, ამერიკაში, პოლონეთში. აღარაფერს ვამბობ რუსეთსა და უკრაინაზე, სადაც ამ ღვინის ფასი ადრეც იცოდნენ", - ამბობს გია ნინიძე.
ფერმერის თქმით, დაბალი ანაზღაურება გლეხს ვაზის გაშენების სტიმულს უკარგავს.
"რამდენიმე წლის წინ, როდესაც ქინძმარაულის და საფერავის ფასი 2 ლარი გახდა, ხალხმა მასობრივად დაიწყო ამ ჯიშების გაშენება. კახელებს კომუნისტების დროსაც კი არ ჩაუყრიათ ამდენი ვაზი. ხალხმა ცოტა ფული იშოვა და შრომის სტიმულიც მიეცა, ახლა კი, საპირისპირო რამ ხდება: საფერავი შარშანაც 1 ლარი ღირდა და წელსაც ასე ღირს. თუ ასე გაგრძელდება, ამ ჯიშის მოყვანის ინტერესს საერთოდ დავკარგავთ, რადგან ჩვენი ყოველწლიური შემოსავალი ხარჯებს ვერ ფარავს. გვიმტიკიცებენ, ფასებს ბაზარი ადგენსო, მაგრამ ეს როგორ ხდება, როცა რთველი ჯერაც არ დაწყებულა? სინამდვილეში, ეს მთავრობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი ფასებია და არა - ბაზრის მიერ. მთავრობამ საფერავის მინიმალურ ფასად 1,5 ლარი რომ დაასახელოს და არა 1 ლარი, გლეხისთვის დიდი შვება იქნება", - აცხადებს გია ნინიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე