გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იუწყება, ის ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს.
„ივლის-აგვისტოს თვეებში გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითად ნაწილს, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევები შეადგენს და ასეთი 195 ფაქტია. ამავე პერიოდში გამოვლინდა სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 61 ფაქტი, ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურების 12 ფაქტი, ცხოველის სხეულის ნარჩენებით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისა და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის 21 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.