ინტერნეტ და ბეჭდურ მედიაში ყველაზე მეტ რეკლამას სამშენებლო კომპანიები და ბანკები ანთავსებენ

2013 წელს ბეჭდურ და ონლაინ მედიაში სარეკლამო დაკვეთების რაოდენობით სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები ლიდერობდნენ. მათ მცირედით ჩამოუვარდება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი მედიასაშუალებების სარეკლამო შემოსავლებში.

კომპანიების სარეკლამო დაკვეთებისა და მედიასაშუალებების სარეკლამო შემოსავლების შარშანდელი ტენდენციების შესახებ BPN ”პალიტრა მედია” ჰოლდინგის სარეკლამო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირინა შარვაშიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, 2013 წელს ”პალიტრა მედია” ჰოლდინგის სარეკლამო შემოსავლებში დაკვეთებით სამშენებლო კომპანიები ლიდერობდნენ. კერძოდ, მათმა სარეკლამო დაკვეთებმა შარშან ”პალიტრა მედიას” მიერ ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების 20%-ს მიაღწია.

მეორე ადგილი დაიკავეს ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მთლიანი სარეკლამო დაკვეთების 17%-იანი წილით. მესამე ადგილზეა სამედიცინო სფეროს კომპანიები 13%-იანი წილით, ხოლო მეოთხეზე - საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზები 6%-იანი წილით.

რაც შეეხება სარეკლამო დაკვეთების მაჩვენებლებს ბეჭდურ და ინტერნეტ მედიასაშუალებებში ცალ-ცალკე, ირინა შარვაშიძე ამბობს, რომ ბეჭდურ მედიაშიც, რეკლამის ძირითადი დამკვეთი შარშან სამშენებლო ბიზნესი იყო (23%), თუმცა სიტუაცია სხვაგვარი იყო ინტერნეტ მედიაში, სადაც ძირითად რეკლამის დამკვეთად ბანკები და მიკროსაფინანსო კომპანიები გვევლინებიან (21%).

ამასთან, ”პალიტრა მედია” ჰოლდინგში შემავალ ბეჭდურ მედიასაშუალებებში განთავსებული რეკლამების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებენ სამედიცინო პროფილის კომპანიები (ფარმაცევტული კომპანიები, კლინიკები) (18%). ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა შარშან ”პალიტრა მედიას” ბეჭდური სარეკლამო დაკვეთების 14% დაიკავეს, ხოლო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებმა - 4%.

რაც შეეხება ”პალიტრა მედიას” ვებ-გამოცემებს, აქ სათამაშო ბიზნესი იკავებს მეორე ადგილს 16%-ით. მესამე და მეოთხე ადგილს სამშენებლო და სამედიცინო პროფილის კომპანიები იყოფენ 13% და 10%-იანი წილით. ყველაზე მცირე რაოდენობის რეკლამა სხვებთან შედარებით შარშან ”პალიტრა მედიას” ვებ-საიტებზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებმა განათავსეს - მათმა სარეკლამო დაკვეთებმა ჰოლდინგის მიერ ინტერნეტ რეკლამიდან მიღებული შემოსავლების 10% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შარშან ”პალიტრა მედიას” ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვების მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 81,3 პროცენტით გაიზარდა; 11,4%-იანი ზრდა ჰქონდათ ბეჭდურ მედიასაშუალებებს, ხოლო რადიოს სარეკლამო გაყიდვებმა 17%-ით იმატა.

მიმდინარე წელს ჰოლდინგი ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვების 80 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს; 12%-იან ზრდაზე გეგმავს გასვლას ბეჭდური მედიასაშუალებების სარეკლამო გაყიდვების მხრივ, ხოლო რადიოს შემთხვევაში სარეკლამო გაყიდვების 30%-ით გაზრდაა დაგეგმილი.