ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „დაგმა“. კომპანიის მიერ ტენდერში შეთავაზებული თანხა 20 973 349 ლარია, მაშინ როცა გამოცხადებული ტენდერის საწყისი ფასი 23 305 085 ლარი იყო.
როგორც „აეროპორტების გაერთიანებაში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა, არის თუ არა „დაგის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში. ამასთან, ტენდერი დახურულია, შესაბამისაც არ ჩანს, რამდენმა კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა,“- აღნიშნეს „აეროპორტების გაერთიანებაში“.
ტენდერი 26 ივლისს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გამოცხადა, წინადადებების მიღება კი 12 აგვისტოს დაიწყო.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო მოედანი წარმოადგენს ვაკეს. იგი მდებარეობს არსებული ტერმინალის მიმდებარედ და მის გაგრძელებას წარმოადგენს.
ტენდერის პირობების მიხედვით, კონსტრუქციულ ნაწილზე გარანტიად - არანაკლებ 20 წელი; ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღეა განსაზღვრული.