ბიზნესმენი რატი კუხალეიშვილი მთავარ პროკურორს დამნაშავეთა მფარველობაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი რატი კუხალეიშვილი მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს ზეწოლასა და დამნაშავეთა მფარველობაში ადანაშაულებს და პრემიერ-მინისტრს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს.

რატი კუხალეიშვილის თქმით, საქმე ეხება მისთვის მილიონიანი თანხის თაღლიღური გზით ჩამორთმევას, რომელშიც იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოქმედი უფროსის მოადგილის, დავით ხვინგიას ძმას, გიორგი ხვინგიას სდებს ბრალს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ სწორედ ბადაშვილის მფარველობით, კეზერაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები გიორგი ხვინგია და მისი "თანამზრახველი" ვალერიან კუპატაძე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღემდე არ არიან ბრალდებულები და საგამოძიებო სამსახურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გამოძიება შეაჩერა.

"2007 წელს გავყიდე ჩემი კომპანია "ულტრა პრინტი" და მიღებული თანხით, ყოფილი მეგობრის, ვალერიან კუპატაძის თხოვნით, დავაფინანსე შპს "თათა სოლუშენი" და "ოფის სისტემსი", რომელთა მეწილეები არიან გიორგი ხვინგია და ვალერიან კუპატაძე. აღმოჩნდა, რომ ეს პირები თანხის დაბრუნებას აღარ მიპირებდნენ და 2011 წელს მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თავდაპირველად, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა, ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობით, თუმცა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. შემდეგ, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ახალი საჩივრის საფუძველზე, საქმე გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და 2013 წლის ივნისის ბოლოსთვის საქმის გამოძიება ინტენსიურად განახლდა. გამომძიებელმა მითხრა, რომ, მისი აზრით, დანაშაული გამოკვეთილია და პასუხისგებაში უნდა მიეცნენ დამნაშავეები. ზუსტად ამ მომენტში შეჩერდა ძიება. შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთი დამნაშავის, გიორგი ხვინგიას ძმა ზუსტად ამ პერიოდში გადაიყვანეს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად. მას შემდეგ კი, რაც ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად გადაიყვანეს, ხვინგია დაწინაურდა და საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა", - განაცხადა რატი კუხალეიშვილმა.

მისი თქმით, ამ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო გიორგი ბადაშვილი.

"როდესაც ჩემი საქმე გაჩერდა და ვჩიოდი, დამიბარა ირაკლი შოთაძემ – მაშინდელმა ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილემ და მოქმედმა მთავარი პროკურორის მოადგილემ. მან გასაუბრებაზე მითხრა, რომ დანაშაული სახეზეა და მის სწორ კვალიფიკაციაზე ფიქრობენ, რათა სასამართლოში წარადგინონ. მითხრა, ერთი თვე მოითმინეო. ერთი თვის თავზე, მივიღე წერილი, რომ ჩემი საქმე ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გადაიტანეს, რაც ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა", - განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ სწორედ ამის შემდეგ, იგი ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა დაიბარა.

"ბადაშვილის კაბინეტში დამხვდა ჩემი გამომძიებელი და კიდევ ორი პიროვნება. მითხრეს, რომ საქმის მასალების გასარჩევად დამიბარეს. საუბრისას, კონტექსტიდან ამოვარდნილად, ბადაშვილმა მითხრა ასეთი ფრაზა: რატი, აბა შენ თუ ხვდები, დამნაშავეებს რომ მოეკალი, ფულის მომთხოვნი აღარავინ იქნებოდა და ხახვივით შერჩებოდათო. ვუპასუხე, რომ ამ ნათქვამში რაღაც ლოგიკა არის-მეთქი. შემდეგ იქ მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მითხრა, 10 ათასი ლარისთვის კლავენ ხალხს და ამხელა ფულისთვის შენ როგორ არ მოგკლესო? მერე მესამემ მითხრა, მართლა როგორ მიკვირს, აქამდე როგორ არ მოგკლესო? საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შემომიბრუნდა ბადაშვილი და მითხრა, მადლობა თქვი, რომ აქამდე არ მოგკლეს და ცოცხალი ხარო. საუბარი დასრულდა იმით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მითხრეს, მირჩიეს მეფიქრა და მერე მათთან ერთად მემსჯელა ამ საკითხზე", - აცხადებს რატი კუხალეიშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, გამომძიებელი ტელეფონს არ პასუხობს და საქმე გაჩერებულია, რომელსაც შეგნებულად არ ხურავენ. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ბადაშვილმა დამნაშავეებს ხელი დააფარა და მათ მიჩქმალვას ცდილობდა, რაზეც პასუხი უნდა აგოს.

როგორც რატი კუხალეიშვილი აცხადებს, მან წერილი მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ, ბადაშვილსაც მისწერა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.

ბიზნესმენი ევროსასამართლოსთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართვას გეგმავს.